1728312638
„ბოლო ექვსი თვე გაუსაძლისი დეპრესია მქონდა... და რადიკალური ცვლილებების დროს მივხვდი, რომ...“ - პეტრე კოლხის გულახდილი ინტერვიუ
მამა პეტრეს "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ არაერთ, გულახდილ ინტერვიუში უთქვამს, რომ გაორებულია და სასულიერო ცხოვრების მიტოვებაზეც ფიქრობს. ჰქონდა ბრძოლები და როგორც ახლა ამბობს, დეპრესიაც.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, სასხორის წმინდა გიორგის ტაძრის ფოტოების განთავსება დაიწყო. ჯერ შემოწირულობების, შემდეგ სანთლების ციალით განათებული პატარა ტაძრის და პირველ წირვაზე მისული მრევლის...
უძღები შვილის მსგავსად, ისევ მიბრუნდა "სახლში", ისევ ჩაეხუტა უფალს... და ისევ თავიდან დაადგა არჩეულ გზას, წამოდგა, ჯვარი გაისწორა და სვლა განაგრძო.
როგორც ეს პატარა ტაძარი განახლდა და საუკუნეების შემდეგ, ისევ აღევლინა მასში წირვა-ლოცვა, ისე განახლდა პეტრე კოლხის შინაგანი მდგომარეობა... ისევ აციალდა. თითქოს, გარეგნულადაც შეიცვალა...
ისევ გულახდილად საუბრობს და ისევ ბევრი გეგმა აქვს.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: ჩემთვის ვიჯექი ეს დღეები და ვფიქრობდი, ღმერთმა გაქცეული მომაბრუნა. მართლა გაქცეული. ცხოვრებაში ჩემს თავთან პირველად ვიგრძენი გააზრებულად, შეგნებულად და გადაწყვეტილად ვარ იქ, სადაც ვარ. აქამდე იყო ეიფორია, ილუზიაც, ფანატიზმიც, ხიბლიც, იძულებაც, ვალდებულებაც და პასუხისხმგებლობაც და ეს ყველაფერში ვლინდებოდა. ურთიერთობებშიც...
ბოლო ხუთი-ექვსი თვე ძალიან დიდი დეპრესია მქონდა. საშინელი და გაუსაძლისი დეპრესია. იმდენად მძიმედ ვიყავი, რომ მეგონა, ყველაფერი მთავრდებოდა. ოღონდ სახელს ვერ ვარქმევდი, რის გამო ან ვის გამო ვიყავი ასე. ეს არ იყო კონკრეტული მიზეზის გამო. ვერ ვპოულობდი ადგილს, ვერ ვპოულობდი საკუთარ თავს. ვერსად და ვერაფერში ვერ ვხედავდი საკუთარ თავს. მძიმე პერიოდები გამოვიარე. ახლა ხომ მარხვაა, მე დიდი ხანია მარხვის პერიოდს გავდივარ, უდაბნოს, რთულ პერიოდს... არაფერი მიხაროდა, არაფერი მწყინდა. დეპრესიის უმაღლეს მწვერვალზე ვიყავი. სასოწარკვეთაში ჩავვარდი. ერთადერთი, ისტერიკულად რასაც ვიმეორეობდი, ეს იყო - იესო. იესოს მივმართავდი, მას ვევედრებოდი გადარჩენას. აქ საუბარი იყო სულიერ გადარჩენაზე. ფიზიკურად გადავრჩებოდი თუ არა, ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა.
ყველას აქვს დეპრესია, რომელიც უნდა გადალახოს. ახლა ამას რომ ვყვები, იმისთვის არ ვაკეთებ, რომ თავმომწონეობაში ჩამომართვათ. პირიქით. მაგალითისთვის ვამბობ. მინდა ყველამ იპოვოს თავში ძალა.
თუ მანამდე მოჩვენებითი და ზედაპირული იყო ყველაფერი, და ადგილს ვერ ვპოულობდი შესამოსელსა თუ სამღვდელოებაში, ახლა ყველაფერი დალაგდა...
ვთვლიდი, რომ არ ვიყავი ჩემს არჩევანში სწორი, უნდა გადამედგა რადიკალური ნაბიჯები... ქვეყნიდან წასვლაზეც ვფიქრობდი. და გაქცეული უფალმა მომაბრუნა.
ექვსი თვე განუწყვეტლივ ვფიქრობდი, დღე და ღამე. და რადიკალური ცვლილების დროს მივხვდი, რომ წმინდა ტრაპეზის, ქრისტესთან საუბრის გარეშე ერთი წამი არ შემეძლო.
ღმერთთან ყველგან ხარ, თუ ღმერთი შენშია. მაგრამ მივხვდი, რომ იმ ცხოვრების წესი, რაშიც ვიყავი, იმდენად ორგანული აღმოჩნდა, რომ პირველად, 16 წლის მანძილზე, აღმოვაჩინე, რომ სასულიერო პირობით ძალიან ბედნიერი ვარ.
მივხვდი რომ მყუდროდ, მარტო, ძალიან ჩემთვის მინდოდა ტაძარში ყოფნა.
მეუფე შიოსთან მქონდა შეხვედრა და მას საჯაროდ ვუხდი ახლა მადლობას. მან დაინახა, რომ მე ტაძარში მარტო ყოფნა მჭირდებოდა.
ასეთი ტაძარი აღმოჩნდა ნიჩბისის ხეობაში, დიდგორის ქედზე, სასხორის წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც საუკუნეებია წირვა არ ჩატარებულა. მეუფეს რომ შევთავაზე ჩემი იქ მოღვაწეობის იდეა, დამთანხმდა და მისი ლოცვა-კურთხევით ავედი იქ, სადაც ძალიან გულწრფელი და ალალი ხალხი დამხვდა.
თავიდან ვსწავლობ სულიერებას, მღვდლობას, ნაბიჯებს თავიდან ვდგამ და მონდომებული ვარ, ახალფეხადგმულმა ნაკლები შეცდომა დავუშვა.
კვირის მოსვლა, წირვის მოახლოება და მრევლთან შეხვედრა მიხარია.
ეს ტაძარი იყო გავერანებული, ტრაპეზი მორყეული, წარმართულ ეკლესიას იყო დამსგავსებული, როგორც არა ერთი ტაძარი ჩვენს ქვეყანაში. თუ ღმერთი გწყურია, აუცილებელი არ არის ქალაქში ემსახურო მას. მე პირიქით მგონია. მიტოვებული ტაძრების აღდგენით ღმერთთან უფრო ახლოს ხარ.
დღეში ორჯერ, უმიზეზოდაც ავდივარ ტაძარში და მის ეზოში რომ ვჯდები, ვაცნობიერებ, რომ ჩემი სასულიერო ცხოვრებიდან წასვლა დიდი შეცდომა იქნებოდა. სხვა რომ არაფერი კეთილი არ ჩამედინა, მარტო ის რად ღირს, რომ ეს საუკუნეების მიტოვებული ტაძარი აღგა. მე ამას მარტო, იმ ადამიანების გარეშე ვერ შევძლებდი, ვინც დღე და ღამე ტაძრის ეზოში იყვნენ და ჩემგან მიცემულ დავალებას ელოდებოდნენ...
პირველი წირვა დიდგორობის დღესასწაულზე ჩატარდა და უამრავი ადამიანი იყო მოსული. გადმოცემის თანახმად, სასხორის წმინდა გიორგი უძღოდა დიდგორის ველზე მეომრებსო. დიდგორის ბრძოლა ყოველთვის გრძელდება, მაგრამ რაღაც ეტაპი იმ ღამეს მოვიგეთ, როდესაც პირველი წირვა ჩატარდა.
ჩემი 16 წლიანი სამღვდელო გამოცდილებიდან პირველად ვნახე მამაკაცები სიხარულით როგორ ტიროდნენ ტაძრის ეზოში და ცრემლებს ერთმანეთს უზიარებდნენ. თავი სიზმარში ეგონათ, რომ სოფელში ასე უცებ აღგა ტაძარი და წირვა-ლოცვა განახლდა. ამან მოტივაცია მეტად გამიჩინა, რომ კიდევ უფრო მეტად მოვინდომო. უამრავი ადამიანის მხარში დგომა რომ დავინახე, უკან დასახევი გზა არ მქონდა. პირველივე წირვაზე დაახლოებით 500 ადამიანი იყო ამოსული. იცით, რომ შობას და აღდგომას, შუა წირვის დროს გადიან ტაძრიდან, იღლებიან. ჩვენს პირველ წირვაზე არავინ განძრეულა, ქადაგებამდე დარჩნენ, ჯვრის მთხვევის დროს სიხარულის ცრემლებით სავსე ჰქონდათ თვალები.
ბევრი ჩემი მეგობარი იყო ამოსული ტაძარში. მათთვისაც მტკივნეული იყო ჩემი დაბნეულობა. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი, ჩემი წამოსვლის შემდეგ ტაძარში არც მივიდოდა. მყავს ასეთი ტიპის ადამიანები. არა იმიტომ, რომ მამა პეტრეზე ფანატიკურად არიან შეყვარებულნი. ყველასთან რთულია სიღრმეებში გაიხსნა და შენს სულიერ ტკივილზე ისაუბრო. მყავს მრევლი 15 წელია ერთად რომ მოვდივართ. ჩემზე მეტად ნერვიულობდნენ. ვნახოთ, მამა პეტრე რა გადაწყვეტილებას მიიღებსო. აღმოვაჩინე, რომ უსამართლო და არა ადამიანურ ნაბიჯებს გადავდგამდი, თუ ყველაფერზე უარს ვიტყოდი.
სხვათა შორის, ია ფარულავაც იყო მოსული. სტაჟიანი მრევლი გაოცებული იყო, როგორ უძრავად იდგა ია ტაძარში და ბოლომდე უსმენდა წირვას.
ადამიანებმა ერთმანეთს ვაგრძნობინეთ, რომ დღეს თუ რამე გვიშველის, გულწრფელი ლოცვაა.
მოხდა სასწაულიც. სანამ აღდგებოდა ტაძარი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დამიკავშირდა, გვინდა ჩვენც მოვიდეთ ამ ტაძარში, რწმენა გვაქვს, სასხორში რომ მოვალთ, ჩვენს ცხოვრებაში სიახლეები დაიწყებაო. პირველივე წირვაზე ვაზიარე ეს წყვილი. მათ იმდენად დიდი რწმენა ჰქონდათ, რომ ცხადად სჯეროდათ სასიკეთო ცვლილებების. ეს წყვილი ახალ სიცოცხლეს ელოდება. და ეს ამბავი რომ მითხრეს, გავქვავდი. ღმერთს მუხლებზე დამხობილი ათას მადლობას ვწირავდი. იცით, ეს უფალმა რატომ დაუშვა? მოტივაცია მომცა. მცირე რწმენაც რომ გვქონდეს, ჩვენი რწმენისამებრ აუცილებლად მოგვაგებს უფალი.
უამრავი ხალხი ამოდის, ხატები შემოსწირეს ტაძარს. ერთი შემომწირველი ტაძრის ეზოში სამრეკლოს აშენებს. გუშინ უძვირფასესი ხატი შემოგვწირეს.
გიორგობა კარს არის მომდგარი. სასხორის წმინდა გიორგის საკუთარი წმინდა გიორგის ხატი, ისტორიულად, არასდროს ჰქონია. გამიჩნდა იდეა, რომ ხატმწერს დავაწერინო სასხორის წმინდა გიორგი, ფეხზე მდგარი, ფარითა და მახვილით, რომლის უკან დიდგორის ბრძოლის ეპიზოდები იქნება აღწერილი. ხატი უკვე იწერება. სასხორის დასაწყისიდან მინდა მსვლელობა მოვაწყო ტაძრამდე და ეს ხატი საუკუნოდ დავაბრძანოთ. ის იქნება იმ ხეობის მთავარი მფარველი ხატი.
მინდა სასხორის წმინდა გიორგის მადლით გამთლიანდეს საქართველო, ჩვენი ადგილი გვეპოვოს და საკუთარ თავთან, ჩვენი წილი ბრძოლა მოგვეგოს. ჩვენი მტერი ისე არავინაა, როგორც საკუთარი თავი.
მე უკვე წირვაზე დგომა მიხარია! ვიცი,ამ ტაძარს უამრავი ადამიანი შემოუერთდება. ჩვენი ტაძარი უკვე მრევლს ვერ იტევს. მადლობა უფალს და ყველა ადამიანს...