თუ მართვის მოწმობის აღება გსურთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

martvis mowmoba

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. ამ ეტაპზე, სიახლე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ეხებათ - მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან კი, ანალოგიური ვალდებულება ყველაზე გავრცელდება.

დახურულ მოედანზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამოსაცდელ პირს ნორმატივის შესრულება საგანგებოდ შერჩეულ, რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებშიც მოუწევს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

გარდა ამისა, B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს:

🔹დაუსახლებელ პუნქტებში;

🔹ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;

🔹დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.