თუ ერთად არ გამოვუცხადებთ ბრძოლას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, მხოლოდ დანაშაულის შედეგებზე რეაგირება საკმარისი ვერ იქნება - დარახველიძე

დარახველიძე

„თუ საზოგადოება არ იქნება ჩვენ გვერდით, თუ ჩვენ ერთად არ გამოვუცხადებთ ბრძოლას ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალადობას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დანაშაულის შედეგებზე რეაგირება, ბუნებრივია საკმარისი ვერ იქნება“ -  განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. პირველ რიგში, აუცილებელია ყურადღების გამახვილება ადამიანის უფლებების დეპარტამენტის როლზე, რომელიც 24/7- ზე ახორციელებს ასეთი დანაშაულების მონიტორინგს.

ასევე, ჩვენ გვაქვს ჩუმი განგაშის ღილაკი, რომელიც 112-ის ბაზაზე მოქმედებს და ძალადობის მსხვერპლს შეუძლია,პოლიციაში დარეკვის გარეშე გამოიძახოს პოლიცია, ჩვენ ადგილზე გამოვცხადდებით და გვექნება შესაბამისი რეაგირება.

ამასთანავე, ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული სამაჯურის სისტემა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ეფექტური სისტემა იმისათვის, რომ მსხვერპლთან მოძალადის მიახლოება ვაკონტროლოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, გასაკეთებელი ძალიან ბევრია, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გაიზარდოს სამაჯურების გამოყენების მაჩვენებელი.  გარდა ამისა, მუდმივად ვახორციელებთ საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, რათა განხორციელდეს საჭირო ცვლილებები და პოლიციის მოქმედება იყოს უფრო ეფექტური. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციელების გადამზადების პროცესის პერმანენტულად გაგრძელება იმისათვის, რომ დაზარალებული, რომელიც გამოცხადდება პოლიციაში, მიიღოს შესაბამისი დახმარება.

თუმცა, თუ საზოგადოება არ იქნება ჩვენ გვერდით, თუ ჩვენ ერთად არ გამოვუცხადებთ ბრძოლას ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალადობას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დანაშაულის შედეგებზე რეაგირება, ბუნებრივია, საკმარისი ვერ იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.