„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ...“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ
1795272135
აშშ-ში მდებარე ცინცინატის ზოოპარკის ცნობილი ბეჰემოთი ფიონა, რომელმაც შემთხვევით დამთვალიერებლის ქუდი გადაყლაპა, ვეტერინარების მრავალდღიანი მცდელობის მიუხედავად, დაიღუპა. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
ნოემბრის მეორე ნახევარში, უბედური შემთხვევის შედეგად, ვოლიერში ნაქსოვი ქუდი ჩავარდა. ზოოპარკის დამთვალიერებელმა ის ჰაერში ააგდო, თავსაბურავი მოულოდნელად ჭერის ვენტილატორმა აიტაცა და სათვალთვალო ფანჯრების თავზე არსებული მცირე ღიობიდან ბეჰემოთის ვოლიერში ჩავარდა, რომელმაც ის მაშინვე გადაყლაპა.
ზოოპარკის გუნდი ფიონას სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. „უკიდურესი მწუხარებით გაცნობებთ საზარელ ამბავს: ჩვენი შესანიშნავი ვეტერინარების მრავალი მცდელობის მიუხედავად, ფიონა ვერ გადარჩა“, - ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში. ვეტერინარები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ბეჰემოთს ქუდი ბუნებრივი გზით გამოედევნა. მას დიდი რაოდენობით წყალს ასმევდნენ, სასუსნავებს აძლევდნენ და მის ყოველ მოძრაობას ყურადღებით აკვირდებოდნენ. ზოოპარკში ცხენების ფერმიდან ვიბრაციული პლატფორმაც კი მიიტანეს და ბეჰემოთს დღეში რამდენჯერმე აყენებდნენ მასზე. სპეციალისტები იმედოვნებდნენ, რომ ვიბრაცია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უცხო სხეულის გადაადგილებას დააჩქარებდა.
ვეტერინარებმა ცხრა წლის ფიონა გამოკვლევისთვის ორჯერ დააძინეს და ცხრაფუტიანი (დაახლოებით 2,7-მეტრიანი) ენდოსკოპით კოლონოსკოპია ჩაუტარეს, თუმცა ქუდის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. სამშაბათს ჩატარებულმა ულტრაბგერითმა კვლევამ ნაწლავებში ფეკალური მასების დაგროვება აჩვენა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ორგანიზმი დაბრკოლების გადალახვას კვლავ ცდილობდა.
ოპერაციის ჩატარება ცხოველის ასაკისა და სერიოზული რისკების გამო არ განიხილებოდა. ბეჰემოთების დაძინება უკიდურესად რთულია, მათი კანის სისქე ზოგიერთ ადგილას 5,5 სანტიმეტრს აღწევს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი ფიონას ნაკერების შესახორცებლად რამდენიმე დღის გატარება წყლის გარეშე მოუწევდა.
ფიონამ სახელი 2017 წელს გაითქვა. ის დღენაკლული დაიბადა და ერთ კვირაზე მეტხანს სუსტად იყო, თუმცა ზოოპარკის თანამშრომლებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ფიონას გადარჩენის ისტორიას მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.