შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იტალიის ელჩი ეწვია

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მასიმილიანო დ’ანტუონო და მისი მოადგილე - ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ. სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.

სტუმრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრი მოინახულეს და სამუშაო სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე მხარეებმა PPRD East 3 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე, ქალაქ ბორჯომში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სამაგიდე სწავლებას შეეხო.

PPRD East 3-ის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამაგიდე სწავლება ჩატარდა, რომელსაც იტალიელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ. სწავლება, რომელიც ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ტყის ხანძრების პრევენციას და საგანგებო მართვის გეგმის დატესტვას ემსახურებოდა, აღჭურვილობის და ტექნიკის გამოფენით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე PPRD-ის ეგიდით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა.