1741293501
როგორ გადაკვეთა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი - ახალი დეტალები

სპეციალურ სამალავში, გიორგი ბაჩიაშვილი 2 საათის განმავლობაში იმალებოდა. სისხლის სამართლის 2 საქმეზე ბრალდებულმა ამ ფორმით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. 2023 წლის ივლისიდან, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტებიც.
გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები დაადგინა - ირკვევა რომ ბაჩიაშვილს, საზღვრის ფარულად გადაკვეთაში სხვები ეხმარებოდნენ.
სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია 47 წლის მამაკაცი.
„კურიერმა“ მისი ვინაობის დადგენა შეძლო, ის შოთა ქარუმიძეა, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ნასამართლევია. პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბრალდებული სარფის გავლით, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ქარუმიძე მართავდა ავტომობილს, რომელშიც ბაჩიაშვილი იმალებოდა.
სქემა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში დაიგეგმა. მაშინ შოთა ქარუმიძეს ნაცნობმა თანხის სანაცვლოდ, კონკრეტული საქმის მოგვარება სთხოვა. ამ საუბრის შემდეგ მალევე, მას გიორგი ბაჩიაშვილის მამამ დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა. იმავე მისამართზე გაიცნო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელიც. მხარეებმა გეგმა შეიმუშავეს. თავდაპირველად დამხმარეს ბაჩიაშვილი არწმუნებდა, რომ საზღვარზე ფარულად მისი ნაცნობი უნდა გადაეყვანა. მძღოლმა სიმართლე 2 მარტს გაიგო.
2 მარტს, სამალავში დამალული გიორგი ბაჩიაშვილი და შოტა ქარუმიძე საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ წავიდნენ. ისინი რამდენიმე დღით ადრე ნაყიდი მუქი ფერის "ტოიოტა კემრის" მოდელის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი დამხმარე ქვეყნის დასატოვებლად ორი თვის განმავლობაში საგანგებოდ ემზადებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, დამხმარეს დავალებული ჰქონდა, რომ ავტომობილში, რომლითაც საზღვარი გადაკვეთეს, ვიდეო რეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რამდენჯერმე გადასულიყო საქართველო-სომხეთის საზღვარზე და გადაეღო იქ არსებული ვითარება. ჩაწერილ მასალას კი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი თვითონ შიფრავდა. დადგინდა ისიც, რომ უკანა სავარძლებსა და საბარგულს შორის სამალავი ბაჩიაშვილმა თავად მოაწყო. კონსპირაციულობისთვის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ერთმანეთს, google-ის სატელიტური ტელეფონებით ეკონტაქტებოდნენ.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების საქმეზე დაკავებულ 47 წლის მამაკაცს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, შოთა ქარუმიძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 3 800 ამერიკული დოლარი, 525 ლარი და 6 6000 სომხური დრამი. საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, "მტკვარი ჰესის" და ახლა უკვე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეში ბრალდებულმა, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გაავრცელა. გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და თქვა, რომ იძულებული იყო საქართველოდან წასულიყო.
ეს სტატუსი ბაჩიაშვილმა სწორედ იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც მის საქმეზე სასამართლო სხდომა ტარდებოდა.
უკვე მეორე დღეა გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესები, ბრალდებულის გარეშე ტარდება. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, მას პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის 2 საქმეზე, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
კრიპტოვალუტის საქმეზე 2, 500 000 ლარიანი გირაო, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობით შეეცვალა, პატიმრობა გამოიყენა 50 000 ლარიან გირაოზეც, რომელიც ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე უნდა გადაეხადა. დღევანდელ სასამართლოზე დაკმაყოფილდა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა. ქვეყნის დატოვების გამო ბრალდებულმა გირაოს პირობები დაარღვია, ამის გამო თანხის ამოღება დაყადაღებული უძრავი ქონებით მოხდება.
აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის აუცილებლობა ვერ დაინახა გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველმა. ახალ ბრალზე კი ადვოკატი არ საუბრობს. ამბობს რომ მის დაცვის ქვეშ მყოფთან ქვეყნის დატოვების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია. საპირისპირო არგუმენტები აქვს ბრალდების მხარეს.
ცნობილია რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა, ინტერპოლს უკვე მიმართა. უახლოეს მომავალში, სისხლის სამართლის 3 საქმეში ბრალდებულზე, წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, არ არის გამორიცხული დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
პროკურატურა 2.5 მილიონის გირაოს ამოღებას ბაჩიაშვილის დაყადაღებული ქონებიდან გეგმავს