პროკურატურა 2.5 მილიონის გირაოს ამოღებას ბაჩიაშვილის დაყადაღებული ქონებიდან გეგმავს

გიორგი ბაჩიაშვილი

მთავარი პროკურატურა 2.5 მილიონი ლარის გირაოს ამოღებას, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა, მისი უძრავი ქონების აღსრულებაში გადაცემიდან გეგმავს - ამის შესახებ ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. მას 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებით საზღვრის კვეთა აკრძალული ჰქონდა. ამავე გადაწყვეტილებით მისი უძრავი ქონება დაყადაღებული იყო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.