რა უთხრა 21 წლის გოგოს მკვლელობის შესახებ ბრალდებულმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს

მკვლელობა ლილოში

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და არაფერი ახსოვს.

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, ოთარ ცინდელიანის ეს განცხადება, სასამართლო სხდომაზე წაიკითხეს. მოსამართლემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს ჰკითხა, ნამდვილად ეს პოზიცია ჰქონდა თუ არა დამნაშავეს ოქმის შედგენის დროს, რაც სოფიკო ყორიაულმა დაადასტურა.

სპეციალისტმა თქვა ისიც, რომ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.