მკვლელობა

„ქალის ცხედარი სააბაზანოში იპოვეს... მოკლულს 3 შვილი დარჩა“ - რას ამბობენ ადგილობრივები მოკლულ ქალზე

ქალაქ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, სოფელ მზიანის მკვიდრია.

ის ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და თხილის პლანტაციაში მუშაობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ ქალის ცხედარი დილით, სააბაზანოში იპოვეს. მათივე ცნობით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი - ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ სცემა.

პოლიციის ინფორმაციით, კაცი სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კაცმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.