პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაზარალებულმა სერგო ქურთიაშვილმა უარყო ბრალდების მხარის ვერსია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ დათო „თბილისკის“ შვილებმა გუგა და დათა კაკულიებმა ესროლეს.
გიორგი კაჭკაჭაშვილმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, გასული წლის მაისში სერგი ქურთიაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა, რა დროსაც თავადაც დაშავდა. კაჭკაჭაშვილმაც ქურთიაშვილის მსგავსად სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ტყვია ფეხის არეში მასაც მოხვდა, თუმცა ამის მერე კიდევ გაგრძელდა თუ არა სროლა, დანამდვილებით ვერ იტყვის.
კაჭკაჭიშვილის თქმით, შემთხვევის დღეს თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ჩაფხუტის საფარი ღია იყო, შესაბამისად მათი სახის ნაკვთების ნახვა შეძლო. დაზარალებულის განმარტებით, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები არ არიან.
კაჭკაჭაშვილის თქმით, თავდამსხმელებს ღია ფერის თვალები ჰქონდათ, ძმებ კაკულიებს კი მუქი ფერის თვალები აქვთ. ასევე მისვე თქმით, თავდამსხმელები სიმაღლით მასზე დაბლები და ძმებ კაკულიებთან შედარებით “მსუქნები იყვნენ”. კაჭკაჭაშვილის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს სვირინგი ჰქონდა.
„დავინახე, როგორ ესროლეს სერგის ფეხებში. დავინახე მათი სახის ჭრილი, წარბები, თვალი, ტუჩი და ზუსტად ვიცი, რომ ეს პიროვნებები არ იყვნენ. დავინახე, რომ იარაღი ეჭირა შავ მაისურიანს. ხოლო ნარინჯისფერი ვისაც ეცვა, მას არ ეჭირა. ჩაფხუტები ეხურათ, მაგრამ ისე ეხურათ, რომ სახის ნახვა შეიძლებოდა. ეს ორი პიროვნება ის ორი პიროვნება არ არის", - განაცხადა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.
რატომ აძლევენ დაზარალებულები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებებს?! „კურიერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ორივე დაზარალებული კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. წყარო ჰყვება, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ ქურთიაშვილს და კაჭკაჭიშვილს სასამართლოში. დაზარალებულების მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს საქმის პროკურორიც ადასტურებს.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.