გაძარცვული ევროპელი, ამერიკელი და კანადელი პენსიონერები - ქოლცენტრებით დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენებები

ქოლცენტრები

ქოლცენტრების თაღლითური სქემა უკვე გაშიფრულია.

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩვენებებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები დეტალურად ჰყვებიან, თუ როგორ გამოსძალეს დიდი ოდენობით თანხები თბილისიდან. ტრანსნაციონალური თაღლითობით დაზარალებულებს შორის არიან პენსიონერებიც. კანადის მოქალაქე ნეითელ ჰარისონი ერთ-ერთი მათგანია. მოხუცს პირველად გაცნობის საიტზე დაუკავშირდნენ. თაღლითებმა სამიზნე დაარწმუნეს, რომ თანხა ნავთობის ბიზნესში დაებანდებინა. ჰარისონმა მათ ანგარიშებზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში ათი ათასობით დოლარი ჩაირიცხა.

თაღლითების ორმაგი აფიორის მსხვერპლი გახდა პორტუგალიის მოქალაქე ჰუგო ხოსე ოლივეირაც. ოლივეირას ჯერ 10 000 ევრომდე გამოსძალეს, შემდეგ კი ამ თანხის ამოღების სანაცვლოდ, სწრაფი ფულადი გზავნილით საქართველოში დამატებით 2000 ევროც გამოაგზავნინეს.

კომპანია "ელროიალის" სახელით გაეცნო თაღლითების ჯგუფი ამერიკის მოქალაქე რენე მიშელს. კანზასის შტატში მცხოვრები ქალი ქართველი გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საქართველოში თანხები გადმორიცხა.

საქმეზე პროკურატურამ საქართველოს ერთი და ნიგერიის ორი მოქალაქე დააკავა. ადვოკატი "კურიერს" უდასტურებს, რომ ბრალდებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს. დაასახელეს, კონკრეტული გვარები, რომლებიც სავარაუდოდ ქოლცენტრების სქემის სათავეში დგანან.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრებას ბრალდებულები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. თბილისში შეიძინეს ძვირად ღირებული ქონება, რომელიც სასამართლომ სრულად ჩამოართვათ. საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ბრალდებულებთან საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოსამართლემ მათ პირობითი სასჯელი შეუფარდა და დაეკისრათ ჯარიმა 67 ათასი ლარის ოდენობით.

ახლა პროკურატურა დანაშაულებრივი სქემის სათავეში მყოფ პირებზე გასვლას ცდილობს. გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული გვარები, ვისი ორგანიზებითაც თბილისიდან ძარცვავდნენ უცხოელ პენსიონერებს და რიგით მოქალაქეებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

⇒ „სასქესო ორგანოზე ვარ დაჭრილი...“ - რას ჰყვება ქალი, რომლის მოკვლაც მეზობელმა სცადა

⇒ Exclusive: „ფიცარი ჩაარტყა თავში... ტყუილია ყველაფერი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის დედა