ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, მათზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ხალხისთვის რეალური პერსპექტივების შესათავაზებლად - ანალენა ბერბოკი

ანალენა ბერბოკი  ფოტო: Reuters

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი ევროპას გულით ატარებენ და პროევროპული პროტესტები მათი ხმაა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ბერბოკი აღნიშნავს, რომ ბურთი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირების მოედანზეა და მათზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

„ხანდაზმული ქალები, რომლებიც ითმენენ ყინვას და არ უშინდებიან ძალოვანების ხელკეტებს; წყლის ჭავლის წინ მდგარი დასველებული ახალგაზრდები, რომლებსაც თან არაფერი აქვთ, ევროპული დროშების გარდა; სასტიკად ნაცემი და დაკავებული ოპოზიციის ლიდერები. რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი ყველაზე პატარა სოფლებსა და უმსხვილეს ქალაქებში გაბედულად მართავს დემონსტრაციას ევროპული მომავლისთვის.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი ევროპას გულით ატარებენ და პროევროპული პროტესტები მათი ხმაა. თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები პასუხობენ დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით.

ანტიევროპული გადახვევით „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ გადადო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამგვარად ფაქტობრივად შეაჩერა ის. „ქართული ოცნების“ სულ უფრო მეტად ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ, ევროკავშირში უნდა განვიხილოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერება.

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. ეს ყოველთვის ცხადი იყო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის. მაგრამ პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ან ლგბტქი უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას.

ბოლო კვირებსა და თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა სულ უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს პარტნიორობას, რომელიც ათწლეულებს ითვლის. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან, ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან მიზნობრივ სანქციებამდე.

ბურთი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველი ხალხისთვის რეალური პერსპექტივების შესათავაზებლად – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ უმთავრესად, ყველა ქართველისთვის კარგი მომავლისთვის“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.