ყველაზე ძველი სახლი ქობულეთში - 60 წელი ერთად და ესაძეების ხავსმოკიდებული კარ-მიდამო

ყველაზე ძველი სახლი ქობულთში

ზღაპრებში აღწერილი გარემო და მისი პერსონაჟები შენ თვალწინ იმ წუთიდან ცოცხლდება, როცა ქობულეთიდან 14-15 კოლომეტრის მოშორებით სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთი ეზოს ჭიშკარს შეაღებ და ხავსით დაფარულ მიწაზე დადგები. წამიერად გაგეფიქრება, ეს სიზმარია თუ რეალობა, მაგრამ როცა სახლის პატარა ხის კიბეს მასპინძლები ჩამოუყვებიან, ღიმილით მოგესალმებიან და თავიანთ არარეალურ სამყაროში შეგიპატიჟებენ, ხვდები, რომ არ გძინავს.

მერი მახარაძესა და სოსო ესაძეს 2022 წლის სექტემბერში ქორწინებიდან 60 წელი უსრულდებათ, ანუ ბრილიანტის ქორწილი აქვთ. ეს ყველაზე ძვირფასი, ელვარე ქვაა და შესაბამისად, წყვილის თანაცხოვრების მრავალწლიანი სტაჟიც სწორედამიტომ იწოდება ბრილიანტის ქორწინებად.

წყვილს სამი შვილი ჰყავს: ბიჭიკო, ლევანი და მზია. დედ-მამასთან ერთად მათი შუათანა - ლევანი ცხოვრობს. სოფლისა და ოჯახის შესახებ საუბარი სწორედ მას ვთხოვე. ბატონ ლევანსა და მის დედმამიშვილს უმაღლესი განათლება რუსეთში აქვთ მიღებული. უფროსი აგრონომია, უმცროსი - ექთანი, ხოლო ბატონი ლევანის ცოდნა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იმ ინფორმაციის მოპოვებაშიც დამეხმარა, თუ რა მდგომარეობა იყო უწინ და არის ამჟამად სოფელ ლეღვაში...

ლევან ესაძე:

- სახლი მამაჩემის ბაბუის ბაბუას ეკუთვნოდა. მე მეხუთე თაობა ვარ. 4 ოთახისგან შედგება. სიგრძეში 7 მეტრია, ხოლო იატაკიდან ჭერამდე მანძილი 2 მეტრი და 75 სმ-ია. მასალად წაბლის ხეა გამოყენებული. ჭერი და იატაკი თხემლის ხისგანაა დამზადებული, როგორც ამ ხეს გურიაში ეძახიან. სხვათა შორის, მუხა და თხემლი ყველაზე კარგად უძლებს წყალს. სახურავი აკეთის კრამიტითაა დახურული. ბებია მეტყოდა ხოლმე, - ეს კრამიტი აკეთიდან ურმით არის ნაზიდიო. იმ დროს ელექტროობა არ იყო, ამიტომ ყველაფერი ხელის შალაშინითა და ცულით არის დამუშავებული. სახლს სამი მხრიდან, გარედან შემოკრული აქვს ხის ფიცრები, რომლებიც კედლიდან დაახლოებით 17-18 სანტიმეტრითაა დაშორებული. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ თაგვს ფეხი არ მოეკიდებინა და კედელი არ გამოეხრა, ამავდროულად, სიცხეში სახლში სიგრილე რომ ყოფილიყო. მოკლედ, ერთგვარი კონდიცირებაც ხდება.

- თქვენს მშობლებს სექტემბერში ქორწინებიდან 60 წელი უსრულდებათ. როგორ დაოჯახდნენ? როგორ ცხოვრობდით?

- დედ-მამამ ერთმანეთი მაშინდელი მაჭანკლების წყალობით გაიცნეს და 60 წლის წინ დაოჯახდნენ. სამი დედმამიშვილი ვართ. ჩემი უფროსი ძმა 59 წლისაა, მე - 57 წლის, ხოლო ჩემი და - 54-ის. მამა ჯარში ციმბირში წაიყვანეს, სადაც თითქმის 4 წელი გაატარა. იქიდან ჩამოსული, საკოლმეურნეო საქმიანობაში ჩაება, მერე დაოჯახდა. სანამ ჩვენ პატარები ვიყავით, ბებია გვიტოვებდა, ხოლო როცა წამოვიზარდეთ, მშობლებს ჩაის პლანტაციებში მივყავდით. სახლიდან პლანტაციებამდე დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი იყო. დილიდანვე მივიდოდით, ჩვენს ფანჩატურში დავსხდებოდით, მშობლები ტანზე გამოიცვლიდნენ და იწყებდნენ ჩაის კრეფას. ცარიელი ტომარა დასჭირდებოდათ, ბრეზენტი თუ წყაროდან წყლის მიწოდება, ამაზე ჩვენ ვყავდით დასაქმებული. როცა წამოვიზარდეთ, ყველა ერთად ვკრეფდით ჩაის. მერე ჯარის ასაკი რომ მოვიდა, სასწავლებლებში წავედით, 1991 წლიდან კი ყველაფერი დაიშალა... სამწუხარო ფაქტია, რომ ჩაის კულტურა განადგურდა. მას „მწვანე ოქროს“ ეძახდნენ და ნამდვილად ასეა. წელიწადში 3-4-ჯერ იძლეოდა მოსავალს და ამ საქმეში ჩაბმულ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა შემოსავალი. სრულად წაიკითხეთ ჟურნალ გზაში