უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ზუგდიდში

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ქალაქისა და სოფლის გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.

პროცესს ადგილზე ზუგდიდის მერი შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.
გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკაა ჩართული.

„თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების მხრივ. შეფერხებით მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს თხუთმეტი ყველაზე მწვავე ლოკაცია, ძირითადად მაღალი ზონის სოფლებში, თუმცა დილიდან მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკა ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, ამ დროისთვის ძირითადი ლოკაციები გაწმენდილია, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, გვაქვს შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“-თან ერთად ვმუშაობთ რათა შემჭიდროებულ ვადებში აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა, ვაგრძელებთ სამუშაოებს და ყველა ლოკაცია იქნება თოვლისგან გაწმენდული“ - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.