საგარეჯოში, ტყეში დაკარგული მამა-შვილი მაშველებმა იპოვეს

ტყე

საგარეჯოში მაშველებმა ტყეში დაკარგული მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი იპოვეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრები მამა და 9 წლის ბიჭი, ტყეში დილით წავიდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ტყის სიღრმეში შესულებმა უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს.

მამაკაცი საგარეჯოს სამაშველო სამსახურს ტელეფონით თავად დაუკავშირდა, თუმცა მას შემდეგ, მასთან კავშირი გაწყდა.

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო სამსახურმა მამა-შვილს მიაგნო და სახლში დაბრუნებაში დაეხმარა.

თითქმის მთელი დღის განმავლობაში ტყეში ყოფნის მიუხედავად, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და არცერთ მათგანს დაზიანება არ აღენიშნება.