„დაზიანება აქვს თვალ-ბუდის არეში...“ - როგორია 71 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც სცემეს და დააყაჩაღეს

პოლიცია ლენტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული 71 წლის ქალი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას აგრძელებს.

პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ დილით გადაიყვანა.

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მორიგე ექიმის, ფიქრია კინდოლაურის განმარტებით, დაზარალებულს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს.

„პაციენტი შემოიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე დაზიანება მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. მისივე გადმოცემით, მასზე იძალადა მისთვის უცნობმა პირმა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებულია შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები და გადაყვანილია ნევროლოგიურ განყოფილებაში. კლინიკიდან გაწერის საკითხს გადაწყვეტს მკურნალი ექიმი-ნევროლოგი“,- თქვა ექიმმა.

შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში მოხდა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მამაკაცი და დედა-შვილი.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.