„ბავშვს დედა ემიგრაციაში ჰყავს, ახლა მამასაც ართმევენ, მისი მდგომარეობა წარმოგიდგენიათ?“ - რა ბედი ეწევა 12 წლის მოზარდს

სასამართლო

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 12 წლის მოზარდის ბედს მშობლები სასამართლოში არკვევენ.
დავა ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრას შეეხება და ვისთან დარჩება არასრულწლოვანი, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

სამართლებრივი ბრძოლა ყოფილ მეუღლეებს შორის, 2021 წელს დაიწყო და საქმეს, ბავშვის დედის, ბებიისა და პაპის სახით, სამი მოსარჩელე ჰყავს.

2019 წელს, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ემიგრაციაში წასულმა დედამ, 9 წლის შვილი აღსაზრდელად მეუღლეს დაუტოვა.

ბავშვის მამა „პრაიმთაიმს“ ექსკლუზიურად უყვება, რომ გასული წლის 31 დეკემბერს, მეუღლის დედ-მამამ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და მას შემდეგ, შვილი ვეღარ დაიბრუნა.

„ჩემი მეუღლის წასვლის შემდეგ, ბავშვი ჩემთან ცხოვრობდა, ვუვლიდი, ჩემი ხელით ვაბანავებდი, კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. ახალი წლის ღამეს, ვფიქრობ, რომ მეუღლის ოჯახთან შეთანხმებით, ვიღაცამ გამოიძახა პოლიცია, თითქოს, „ბავშვი ძალადობდა“ ჩემზე, ასეთი რამ წარმოგიდგენიათ? პოლიციის მოსვლიდან მალევე, მოვიდნენ ბებია და პაპა, ბავშვი წაიყვანეს თითქოს ექვსი დღით და მას შემდეგ, აღარ მიბრუნებენ. ბავშვს ჩააგონეს, რომ ცუდი ვარ, მიზღუდავენ მასთან კონტაქტს, ცდილობენ, არ შემახვედრონ. ბოლოს თვენახევრის წინ მაჩვენეს და მაშინაც პაპა დარაჯობდა, ჩემს შვილს ხომ არ მოვიტაცებ? მე თანახმა ვარ, პაპას და ბებიასაც ხვდებოდეს, წავიდეს, როცა უნდა, მაგრამ ჩემი შვილი ჩემთან რატომ არ უნდა იყოს. დედა აქ არ ჰყავს, ახლა მამასაც ართმევენ, მისი მდგომარეობა წარმოგიდგენიათ? დედაჩემი აქვე ცხოვრობს, მისი გაზრდილია და ძალიან მძიმეა ეს ამბავი ჩვენთვის“, - ამბობს ბავშვის მამა.

მოზარდის მამის ადვოკატი, ქეთევან ზაქარიაშვილი ჰყვება, რომ მამასთან დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი მთლიანად ჩამოსცილდა საგაკვეთილო პროცესს და სწავლაში ჩამორჩენა აქვს.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბავშვის საცხოვრებლად ბებია - პაპის სახლის განსაზღვრას. გარდა ამისა, პროცესი მიდიოდა დარღვევით, საქმეში ჩართული იყო მარიამ ჭანტურია, რომელსაც არ აქვს სპეციალური ლიცენზია ბავშვთა უფლებების კუთხით და ფაქტობრივად, არაუფლებამოსილი პირი ახორციელებდა საპროცესო მოქმედებებს.

ამის გარკვევის შემდეგ ჩაერთო საქმეში სხვა ადვოკატი. როცა საკითხი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეხება, ჩვენ ვივიწყებთ პროცესუალურ მეტოქეობას და მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მეორე მხარეს, ამის სურვილს ვერ ვატყობთ. მამასთან დაშორების შემდეგ, ბავშვს აქვს ჩამორჩენა სწავლაში და სამი თვეა, მთლიანად ჩამოცილებულია საგაკვეთილო პროცესს. ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს“, - ამბობს ზაქარიაშვილი.

მოზარდის მამის ბრალდებებს სრულად უარყოფს ბებია, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი სიძე ბავშვს თავად არ ნახულობს.

„ეს არის ტყუილი, მე რა უფლება მაქვს, ბავშვს მამასთან ურთიერთობა ავუკრძალო. სულ ვეუბნები, რომ ეკონტაქტოს, წავიდეს, ნახოს. ჩემს სიძესაც როცა უნდა, მოვიდეს, არავინ უშლის. თავად არ უნდა ბავშვის ნახვა, არ აკითხავს. რამდენი ხანია, არც უნახავს. ახალი წლის ღამეს იმიტომ წამოვიყვანეთ, რომ ბავშვს აურზაური აუტეხა ნასვამმა და გაარტყა კიდეც. სვამს ხშირად და ბიჭს უსიამოვნებებს აყენებს, დედასთან კონტაქტს უშლის. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ავუკრძალავ შვილის ნახვას. ბავშვი ამჟამად თბილისშია, ფსიქოლოგი სჭირდება. გაკვეთილებსაც უნდა დაუბრუნდეს და კალაპოტში ჩადგეს, თუმცა ამისთვის დიდი შრომა დაგვჭირდება, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაშია“, - ამბობს ბებია.

ბრალდებებს უარყოფს მოზარდის დედის ადვოკატი, გიორგი ბერიძეც.

„დასაწყისშივე საქმეში მე ვიყავი ჩართული და არცერთი პროცესუალური მოქმედება ჩემს გარეშე არ ჩატარებულა. მე მაქვს სპეციალური ლიცენზია ბავშვთა უფლებებში და შესაბამისად, ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. სხვისი მონაწილეობის შესახებ ამ საქმეში არ ვიცი, შესაძლოა, ვინმე მეუღლეების განქორწინების პროცესში ყოფილიყო ჩართული. ასე რომ, არაუფლებამოსილი პირი ამ საქმეში არ ყოფილა და ეგ არის ტყუილი. რაც შეეხება სწავლაში ჩამორჩენას, სიმართლე არც ეს არის, ვერანაირი დოკუმენტი სკოლიდან ვერ ექნებათ, რადგან მოზარდი ჩართულია სწავლის პროცესში. მე, როგორც ადვოკატს, სურვილი მაქვს, ეს პროცესი მოვიგოთ, დანარჩენი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბერიძემ.

ინფორმაცია, რომ მოზარდი სრულად ჩამოცილებულია საგაკვეთილო პროცესს, საგანმანათლებლო რესურს- ცენტრში „პრაიმთაიმს“ დაუდასტურეს.

„ჩვენთან უკვე შემოვიდა სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგების შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც გადაეგზავნა სკოლას. სკოლა იმოქმედებს ამის მიხედვით და აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით“, - განაცხადეს რესურს- ცენტრში.

„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, სოციალურმა სამსახურმა, ბავშვის მამასთან დაბრუნების რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილება, ვის დარჩება მოზარდი, სასამართლომ ხვალ, 28 აპრილს უნდა გამოაცხადოს.