პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხშირად არის დღეები როცა მისი საუზმე, სადილი და ვახშამი, მხოლოდ ყავაა. არა იმიტომ, რომ ასე უნდა, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. თვიდან თვემდე გადანაწილებულ საკვებს, ერთადერთ საზრუნავს, 89 წლის ბებიას უნაწილებს...
27 წლის მაგდა გოგებაშვილის ცხოვრება 80 წელს გადაცილებული, ხანდაზმული ადამიანის განვლილ გზას უფრო ჰგავს. 15 წლის იყო, რომ მამა დაეღუპა, რამდენიმე წელში დედა. ნერვიულობაზე შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა მთელი ცხოვრება მედიკამენტები უნდა მიიღოს. იმის გამო, რომ საშუალება არ აქვს, ბოლო რამდენიმე თვეა წამალი არ მიუღია.
ერთ დროს, ვაკეში დაბადებული და გაზრდილი გოგონა, ახლა სენაკში, შელახულ და დაზიანებულ პატარა ბინაში, საწოლს მიჯაჭვულ ბებიასთან ერთად ცხოვრობს. წვიმის დროს მათ სახლშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ. მისი ტრაგიკული ცხოვრება კი დაბადებისთანავე დაიწყო...
„ჩემმა მშობლებმა ოჯახი ასაკში შექმნეს. მამა სენაკელი იყო, დედა თბილისელი. პირველი შვილი სამშობიაროში, დაბადებიდან რამდენიმე საათში დაეღუპათ. მერე მე გავჩნდი, თითქოს მათი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ... ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. დაბადებისთანავე აღმოაჩინეს, რომ მარჯვენა ხელი სრულიად პარალიზებული მქონდა. ვიზუალურად არაფერი მეტყობოდა, მაგრამ სრულიად უფუნქციო იყო კიდური, საერთოდ ვერ ვამოძრავებდი. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ხელი ამემოძრავებინა. ვაკეში გაყიდეს ბინა, იმ ფულით გამიკეთეს არაერთი და ოპერაცია. წვალებამ შედეგი გამიღო და ხელმა დაიბრუნა თავისი ფუნქცია.
ბინის გაყიდვის შემდეგ სენაკში გადავედით საცხოვრებლად. გაუთხოვარი მამიდა მყავს, მისი ბინის ორ ოთახში ვარ შესახლებული და მასთან საერთო არაფერი მაქვს. ჩემთან ერთად ცხოვრობს ბებია, დედაჩემის დედა. დაზიანებული სახლის სახურავი. წვიმის დროს როგორც გარეთ, შიგნითაც ისე წვიმს. დამპალია იატაკი და ფანჯრის ჩარჩოები. წყალი მხოლოდ ეზოში მოდის, ზამთარ-ზაფხულს ჭურჭელს და სარეცხს ეზოში, ცივ წყალში ვრეცხავ. აღარ არის საუბარი საპირფარეშოზე და აბაზანაზე, როგორც პირველყოფილი ადამიანები, ისე ვცხოვრობთ.
15 წლის ვიყავი, რომ მამა რეანიმაციაში, ხელებში ჩამაკვდა. მე დავუხუჭე თვალები... მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ დედა მაძლევდა ცხოვრების სტიმულს და სულ იმას ჩამძახოდა, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა.
დედამ ძალიან განიცადა მამას გარდაცვალება და ჯანმრთელობა შეერყა. შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა, რომელმაც დაუზიანა გული. 57 წლის ასაკში გულის შეტევით, ისიც ხელებში ჩამაკვდა. ხუთი წელია რაც დედა წავიდა ამ ქვეყნიდან... სკოლის დამთავრების შემდეგ სულ ვმუშაობ. ხან მაღაზიაში ხანაც ძიძად. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბებია, რომელიც ახლა 89 წლის არის, ჩემზე გახდა დამოკიდებული. ტროპიკული წყლული აქვს და საწოლს არის მიჯაჭვული. შვილის გარდაცვალების შემდეგ ორივე თვალიდან მხედველობა დაკარგა.
გასულ წლამდე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ. ბებია მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ახლა, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბებიაჩემის პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც საერთო ჯამში 380 ლარია. ამ თანხით ვყიდულობ ბებიასთვის პამპერსს, საკვებს, მედიკამენტებსა და ვიხდი კომუნალურ გადასახადებს. ხანდახან არ მჯერა როგორ გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე. ყოველი დღის გათენების მეშინია. დავიღალე იმაზე ფიქრით რა ვაჭამო ბებოს... ჩემზე არც ვფიქრობ.
ხშირად არის დღეები როცა ჩემი საუზმე, სადილი და ვახშამი ყავაა, მაგრამ ბებიამ აუცილებლად უნდა ჭამოს საჭმელი. სახლიდან ბაზარშიც ფეხით დავდივარ, იმ სამარშრუტო ტაქსის 70 თეთრსაც ვზოგავ, რომ პური ვიყიდო. ზამთარში გაზქურა მაქვს ჩართული და იმით ვთბებით.
დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ნერვიულობის ფონზე მეც შაქრიანი დიაბეტი აღმომაჩნდა. მუდმივად, მთელი ცხოვრება უნდა მივიღო მედიკამენტები. ერთი წელი, სახელმწიფოს დახმარებით უფასოდ მაძლევდნენ წამლებს, ახლა მონაცემებია განსაახლებელი. გუშინ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და შაქარი, რომ შევიმოწმე, 384 მქონდა, როცა ნორმა 120-ია.
გული მწყდება, რომ დედაჩემი ცოცხალი არ არის. მთელი ცხოვრება სანანებლად მექნება, რომ დღეს ბებიას რასაც ვუკეთებ, დედაჩემისთვის არ გამიკეთებია, ვერ მოვასწარი. როცა დედა ცუდად იყო, მე ვმუშაობდი, მოულოდნელად გარდაიცვალა... ვფიქრობ რომ დედას ბევრი რამ დავაკელი. მან ვერ მიიღო შვილისგან ის, რისი ღირსიც იყო. ცხოვრების ახლიდან დაწყება, რომ შეიძლებოდეს, ყველაფერს თავიდან გავივლიდი, ოღონდ დედაჩემზე, მადლობის ნიშნად შემძლებოდა, რომ მეზრუნა... რაც ის წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩემს ცხოვრებას უბრალოდ არსებობა ჰქვია.
სულ არ მწყდება გული იმაზე, რომ რაც დედა წავიდა ამ ქვეყნიდან ტანსაცმელი ჩემთვის არ მიყიდია, არც იმაზე რომ განტვირთვისთვის ვერსად ვერ დავდივარ... საბედნიეროდ მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ტანსაცმელს მჩუქნიან, მაგრამ ყოველთვის ყველაფერზე მათაც ვერ შევაწუხებ. 12 აპრილს მქონდა დაბადების დღე. ჩემმა მეგობარმა ვიზაჟისტმა დამირეკა და სალონში დამიბარა. გამიკეთა ვარცხნილობა, მაკიაჟი და სახლში დავბრუნდი. იმ დღემაც ჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა ლამაზად გამოვიყურებოდი. “- ამბობს მაგდა გოგებაშვილი.
„პრაიმტაიმის“ მკითხველს არაერთი ადამიანის ცხოვრება შეუცვლია უკეთესობისკენ. გვჯერა, რომ მაგდას ყოველდღიურობას ჩვენ, ყველა ერთად ცოტათი მაინც უკეთესობისკენ შევცვლით.