პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე თვის წინ ერთ სევდიან ისტორიაზე გიყვებოდით. სამი ობოლი, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბიძიასთან და ბიცოლასთან იზრდებოდნენ, საზოგადოების თანადგომა სჭირდებოდა. 11 წლის ლუკას და 7 წლის ტყუპების ცხოვრება „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პატარები, ერთმა ძალიან კარგმა ოჯახმა იშვილა და ახლა ყველა ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
ვიდრე ამ ისტორიის „ჰეფი ენდზე“ გიამბობთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.
გასული წლის 19 სექტემბერს, ლუკას, ანასა და მარიას დედა, ინსულტით გარდაეცვალათ… ამ ოჯახის ტრაგედია კი ბევრად ადრე, ტყუპების დაბადებამდე დაიწყო.
პატარების მშობლებმა ოჯახი მოზრდილ ასაკში შექმნეს. მზია გარსენიშვილსა და გივი ხატიაშვილს, პირველი შვილი დაბადებისთანავე გარდაეცვალათ. მერე ლუკა გაჩნდა მათი ცხოვრებაც შეიცვალა. მზია ტყუპებზე იყო ორსულად როცა მეუღლე გარდაეცვალა... მარტოხელა დედის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ბავშვების ობლობის პენსია იყო, რომელიც თვიდან თვემდე არ ჰყოფნიდათ. შვილები რომ გაეზარდა, დედამ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, ყველასგან მალულად, ბინა ბანკში ჩადო და როგორც მერე გაირკვა, გადაუხდელობის გამო დაკარგა. ნერვიულობაზე ინსულტი დაემართა. რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ ამ ბრძოლაში მასთან ერთად მთელი საქართველო დამარცხდა.
დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვები ბიძამ და ბიცოლამ წაიყვანეს. არაფერს აკლებდნენ, მაგრამ პატარები საკუთარ ჭერზე ოცნებობდნენ...
ობლების ტრაგიკული ისტორიის გახმაურების შემდეგ, მათი შვილად აყვანა, ექიმმა ნათია ჯიყავშვილმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს. ახალგაზრდა წყვილის 29 წლიანი თანაცხოვრება, ამ პატარებმა, კიდევ უფრო გაამყარა და ახალი სიცოცხლე შესძინა. „პრაიმტაიმი“ ნათია ჯიყაშვილს ესაუბრა.
„ბავშვების ისტორია, ჩემი ბიძაშვილისგან შევიტყვე. მე და ჩემს მეუღლეს 25 აპრილს თანაცხოვრების 29 წელი შეგვისრულდება. ჩვენ ბიოლოგიური შვილი არ გვყავს, ამიტომ როგორც კი გავიგეთ, რომ განიხილებოდა ამ ბავშვების დაშორება და მათი გაშვილება, მაშინვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ისიც კი მითხრა ბავშვების ბიცოლამ, ტყუპების დაშორებასაც მთხოვენო. ამ ამბავმა შემძრა. ჯერ დედმამიშვილების დაშორება ვერ წარმომიდგენია და მით უმეტეს ტყუპების. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ სამივე უნდა წამოგვეყვანა.
27 დეკემბერს ბავშვები თბილისში წამოვიყვანეთ. მას შემდეგ უკვე ჩვენი შვილები არიან, ჩვენ კი მათი ახალი მშობლები. შეგუება ნამდვილად არ გასჭირვებიათ. ძალიან გახსნილი და ხალისიანები არიან.
2022 წელს ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. ამ პატარებმა სიცოცხლის რწმენა დამიბრუნეს და ძალიან დიდი ბედნიერება შემოიტანეს ჩვენს ოჯახში. რეანიმატოლოგ - ანესთეზიოლოგი გახლავართ და მანამდე თუ ჩემი ძირითადი დრო სამსახურს ეთმობოდა, ახლა გრაფიკი შეიცვალა და შევამცირე მორიგეობები.
მე და ჩემი მეუღლის მსგავსად, ბავშვებიც ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. ისინი დამყავს კერძო პედაგოგებთან, ლუკა ფეხბურთზეც დადის და მაქსიმალურად ვცდილობ მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდეთ. ჩემთვის დედა ჯერ არ დაუძახიათ, სახელით მომმართავენ. ალბათ ეს დროც მოვა. პატარებისთვის გვარის შეცვლას არ ვაპირებთ, ისინი მთელი ცხოვრება თავის გვარზე იქნებიან.
- რას ნიშნავს სხვისი შვილების დედობა?
- დედობა ენით აღუწერელი განცდა და გრძნობაა, აი სხვისი შვილების დედობა კიდევ უფრო სხვა რამ არის, დიდ სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა.“- ამბობს ნათია.