„უჩნდება ჭია და უვარგისი ხდება გამოყენებისთვის“ - ირაკლი არაბული გვასწავლის, როგორ შევინახოთ ლობიო სწორად

ლობიო

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ლობიოს სწორად შენახვის წესებზე საუბრობს და მომხმარებლებს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს.

სპეციალისტის განმარტებით, ლობიოს არასწორი შენახვა ხშირად იწვევს მასში მატლების გაჩენას, რის შედეგადაც პროდუქტი გამოყენებისთვის უვარგისი ხდება.

„ლობიოს შენახვა ბევრ მომხმარებელს პრობლემას უქმნის, რადგან ხშირ შემთხვევაში მასში ჩნდება მატლები და პროდუქტი ფუჭდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევინახოთ ლობიო ისე, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ მისი გამოყენება“, — ამბობს ირაკლი არაბული.

მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე ეფექტიანი მეთოდი, რომლებიც მატლების გამრავლების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ლობიოს ვაკუუმში მოთავსებაა. სპეციალისტის განმარტებით, უჟანგბადო გარემო მატლებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს, რაც პროდუქტის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს.

ირაკლი არაბული ასევე ურჩევს მომხმარებლებს, ლობიოს შენახვისას გამოიყენონ დაფნის ფოთოლი. მისი თქმით, დაფნა ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის მატლების გამრავლებას და დამატებით იცავს პროდუქტს დაზიანებისგან.

სპეციალისტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საკვების სწორად შენახვა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.