ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მრავალ ქვეყანაში ოჯახებში წევრების რაოდენობა მცირდება, რადგან სულ უფრო მეტი მშობელი მხოლოდ ერთი შვილის ყოლით შემოიფარგლება. ეს საკუთარი სურვილით ან იძულებით ხდება. ფსიქოლოგები და-ძმიან და დედისერთა ინდივიდების ქცევასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის განსხვავებებსა და მსგავსებებს აქტიურად იკვლევენ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ჯერ კიდევ არაა გარკვეული, როგორ გავლენას ახდენს დედისერთობა ადამიანის ტვინის განვითარებასა და ქცევაზე.
წინა კვლევებმა ურთიერთგამომრიცხავი შედეგები აჩვენა. ზოგიერთი დედისერთობის უარყოფით გავლენებზე მიუთითებდა, ხოლო ზოგი მის დადებით ასპექტებს ცხადყოფდა. ამასთანავე, აღნიშნული დადებითი და უარყოფითი გავლენები კვლევებში თანმიმდევრულად არ ვლინდებოდა. ხანდახან დედისერთები უკეთესი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ასევე მეტად სოციალურები და ნაკლებად პრობლემურები იყვნენ.
ჩინეთის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებამ კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც დედისერთა ინდივიდების გამოკვლევა იყო.
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთშვილიანი ოჯახების რაოდენობა იზრდება. აუცილებელია, გავიგოთ და-ძმების გარეშე გაზრდის (GWS) გავლენა ზრდასრულთა ტვინსა და ქცევაზე", - აღნიშნავენ ავტორები ძიე თანგი, ძინგ ჭანგი და მათი კოლეგები — "ჩვენ ზრდასრულთა ტვინის სტრუქტურასთან, ფუნქციონირებასთან, კოგნიციასთან, პიროვნულ მახასიათებლებსა და მენტალურ ჯანმრთელობასთან GWS-ის კავშირი გამოვიკვლიეთ".
Chinese Imaging Genetics-ის (CHIMGEN) პროექტის ფარგლებში 2 397 ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელთაგან ზოგიერთი დედისერთა იყო, ზოგი კი — არა. კვლევა ჩინეთში, 32 კვლევით ცენტრში, მიმდინარეობდა. მეცნიერებმა მონაწილეები წყვილებად დაყვეს, რომელშიც უდედმამიშვილო და და-ძმიანი ინდივიდები შედიოდნენ. ტვინისა და ქცევის შედარებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს მახასიათებლები, რომლებიც დედისერთებში რეგულარულად ვლინდებოდა. შეისწავლეს მათი ტვინის მოცულობა, ნერვული აქტივობა, მეხსიერება და მენტალური ჯანმრთელობა. ამასთანავე, ქცევითი ფენოტიპები გამოვლინდა, რაც კოგნიტიურ, პიროვნულ და ქცევით თავისებურებებს მოიცავდა.
„გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრებებისგან განსხვავებით, რომლებიც GWS-ს პრობლემურ ქცევებთან აკავშირებს, ჩვენ ნეიროკოგნიციასთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან დედისერთობის დადებითი კავშირები ვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ და-ძმის გარეშე გაზრდა ზოგჯერ ტვინისა და ქცევის განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ყველაზე ხშირად იმ გარემოს აქვს მნიშვნელობა, რომელშიც ბავშვი იზრდება. გასათვალისწინებელია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, დედის მზრუნველობა და ოჯახის მხარდაჭერა", - ამბობენ მეცნიერები.
ეს უახლესი კვლევა ცხადყოფს, რომ დედისერთობა შეიძლება ტვინისა და ქცევის განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენდეს. უმეტეს შემთხვევაში ეს გავლენა დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ბავშვი იზრდება. შესაბამისად, ყურადღებით დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც მიზნად დედისერთების გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს, შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში მათ კოგნიტიურ ფუნქციებს, მენტალურ ჯანმრთელობასა და ქცევით განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობდეს ხელს.