ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გულისხმობს. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში კომიტეტებს უკვე გადაეცა.
ინიციატივის მიხედვით, დგინდება სასჯელის ახალი სახე, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. შესაძლოა ეს იყოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.
"ცვლილებები მიზნად ისახავს ახალი სასჯელის სახის შემოღებას, რაც გულისხმობს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სახდელის ახალი სახე. ეს არის პირის ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა. აღნიშნული სახდელი გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის პირობებს დაარღვევს. ასევე, იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ან სხვა ქმედებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების ვადები და პირობები იმ პირებისათვის, ვინც დაუსაბუთებლად მოითხოვს ქვეყანაში თავშესაფარს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება გადაწყვეტილებების ჩაბარების წესს და ინერგება ახალი, ელექტრონული სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარტივდება კონკრეტული ვადების გამოთვლა, რასაც ხშირ შემთხვევაში უცხოელები იყენებდნენ ქვეყანაში დარჩენის მიზნებისთვის. ვფიქრობთ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და მიზნად ისახავს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.