პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, პედოფილია, საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და როგორც წესი, საზოგადოება ამის შესახებ მაშინ იგებს, როცა ბავშვი უკვე მსხვერპლი ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციის "თანადგომა" ფსიქოლოგი, ტრენერი, პროგრამების მენეჯერი ხათუნა ხაჟომია mshoblebi.ge-სთან საუბრობს, რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ძალადობისგან დავიცვათ.
ხშირ შემთხვევაში, ძალადობა დროში გახანგრძლივებულია. თუ პედოფილიის შემთხვევებს დავაკვირდებით, მოძალადეს ნდობის მოპოვება, ბავშვთან დაახლოება სჭირდება, ამისათვის გარკვეულ სქემებსა და სცენარებს მიმართავენ.
პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცოდეს სხეულზე ის ადგილები, რომლებზე შეხებაც პირდაპირ მიანიშნებს ძალადობაზე. ამის სწავლება კი მარტივია - შვილებს ვეუბნებით, რომ იმ ადგილებზე შეხება, რომლებიც საცურაო კოსტიუმით, საცვლებითაა დაფარული, არავის შეუძლია და მხოლოდ მშობელს აქვს უფლება, დაბანისას დაეხმაროს. ბავშვებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება, უცხო ადამიანი სხეულის ამ ნაწილებზე ეხებოდეს. ძალიან კარგია, თუ ემოციების ამოცნობასაც ვასწავლით, რადგანაც ეს ის ადგილებია, სადაც შეხება ნეგატიურ განცდებს გამოიწვევს. ბავშვი თუ დააკვირდება საკუთარ ემოციას და იტყვის, რომ ეს არ მოსწონს, მშობლისთვის ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება.
გარდა ამისა, აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ, რას ნიშნავს კარგი და ცუდი საიდუმლო. ხშირ შემთხვევაში მოძალადეები ბავშვებს აშანტაჟებენ, მანიპულირებენ, ეუბნებიან, რომ ის, რაც მოხდა, არავის უთხრან, მათი საიდუმლო იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან და აშინებენ. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ბავშვმა პატარა ასაკიდან იცოდეს, რას ნიშნავს საიდუმლოს შენახვა და ასევე, რას ნიშნავს კარგი და ცუდი საიდუმლო. თუ არის ისეთი რამ, რაც მას არ მოსწონს და უცხო ადამიანი აიძულებს, რომ საიდუმლოდ დატოვოს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსს უნდა მიმართოს.
პედოფილიის შემთხვევები უმეტესად ოჯახის ახლობლების მხრიდან ფიქსირდება, ამიტომაც მანიპულირება და შანტაჟი უფრო ადვილად გამოსდით. მშობლებმა ესეც უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ თუნდაც ოჯახის ახლობელი იყოს, არასწორი შეხების, საუბრის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა უთხრან უფროსს.
გარდა ამისა, ბავშვებმა უცხო ადამიანებთან მოქცევის წესები უნდა იცოდნენ. თუ ქუჩაში ვინმე შესთავაზებს კანფეტს, პატარა ლეკვის ჩვენებას, გასეირნებას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასთანხმდნენ და არსად არ უნდა წაჰყვნენ. ზოგადადაც, ნებისმიერი შეხება, რაც ბავშვს არ სიამოვნებს, აუცილებელია მშობელმა გააკონტროლოს. უფროსებმა ხშირად იციან ლოყაზე ჩქმეტა, კოცნა და მსგავსი ხუმრობები, მაგრამ თუ ეს ბავშვისთვის ნეგატიურ ემოციასთან ასოცირდება, აუცილებელია, რომ მშობელმა ამის შესახებ ისაუბროს. გარდა ამისა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ უფროსს დახმარება სჭირდება, სხვას დაუძახოს დასახმარებლად და თავად არავის არსად წაჰყვეს. ხშირად, მოძალადეები მანიპულირებისათვის ეუბნებიან, რომ დახმარება სჭირდებათ.
მთავარი წესი, რაც მშობელმა ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ასწავლოს, არის ის, რომ სადაც არ უნდა გავიდეს ბავშვი, უფროსს აუცილებლად უნდა უთხრას, სად მიდის. უნდა იცოდნენ, რომ ეზოშია, ან სხვაგან აპირებს გასვლას. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი წესია, თუმცა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
თუ ბავშვი დამოუკიდებლად გადაადგილდება, მოხერხებულია, მშობლებს ჰგონიათ, რომ უკვე გაიზარდა და მეტ სითამამეს ანიჭებენ. ეს სითამამე ხშირად უსაფრთხო ქცევასთან შეუსაბამოა. ამიტომაც, ასაკის თავისებურებები ყოველთვის გასათვალისწინებელია.