პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედა მშვიდადაა მაშინ, როდესაც იცის, რომ შვილი დანაყრებულია. თუმცა, ზოგჯერ პატარებს უმადობა ახასიათებთ, ან საკვების მცირე დოზით მიღება, რაც მშობლისთვის განგაშის სიგნალია. ხშირად გვსმენია ფრაზები: „პირი გააღე და ჭამე დედიკოს ხათრით“, „ახლა მამიკოს ხათრით“ „ჭამე, თორემ გუდიანი კაცი მოვა“ და მსგავსი. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ქმედება პატარებისთვის შეიძლება, გარკვეული ზიანის მომტანი გახდეს.
უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს თეფშის ბოლომდე მოსუფთავება და რა ზეგავლენას ახდენს ძალის დატანება მათ ფსიქიკაზე - ამ საყურადღებო თემაზე ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი მარინა ბოსტოღანაშვილი „მცოდნე დედებს“ ესაუბრა.
ფსიქოლოგის განმარტებით, თუ გვსურს, რომ ბავშვს მომავალში შესაძლო ჭარბი წონა ავაცილოთ, ამაზე ბავშვობაშივე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
„საკვები ორგანიზმისთვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. შიმშლი და წყურვილი - თვითგადარჩენის ძირითადი ინსტინქტები. თუ შემთხვევით დაგავიწყდებათ ჩვილის კვება, ის შეგახსენებთ ხმამაღალი ტირილით და არ დამშვიდდება სანამ არ აჭმევთ, ბავშვმა უკეთ იცის, როდის და რამდენი უნდა ჭამოს.
საჭმლის მიღება, როცა არ ხარ მშიერი, ჭამის გაგრძელება, როცა უკვე დანაყრდი, მუდმივი მოთხოვნა, რომ ბავშვმა შეჭამოს ულუფა ბოლომდე, იწვევს იმას, რომ ამით პატარა წყვეტს ბუნებრივ კონტაქტს თავის სხეულთან, ვეღარ გრძნობს შია თუ დანაყრებულია. უკვე ზრდასრულ ასაკში ის აღარ არის ორიენტირებული თავის მოთხოვნილებაზე (როცა მოდის შიმშილის შეგრძნება), ყურადღებას აქცევს გარე ფაქტორებს, ანუ ლანჩის დროს, ვახშმის დროს...
დაძალება ბავშვში იწვევს პროტესტის გრძნობას. ზოგი ღიად აპროტესტებს, ხოლო ზოგი „დამჯერი“ ბავშვი ხდება ჯიუტი, აგრესიული და მტირალა. ამ დროს შეიძლება, განვითარდეს ნევროზი, ასევე შეიძლება დაძალებისას, ბავშვს დაეწყოს ღებინება და ეს გახდეს რეაქცია საჭმლის დანახვაზე, ამის თავიდან მოცილება შეიძლება რთული იყოს. ნუ დაადგებით თავზე ბავშვს, როცა ჭამს, სჯობს, შორიდან დააკვირდეთ ხოლმე.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზრდასრულ ასაკში ზედმეტი ჭამის და ჭარბი წონის პრობლემები, ბავშვმა უნდა ისწავლოს საკვების იმ რაოდენობით მიღება, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. ჯანმრთელმა სხეულმა თვითონ იცის, თუ როდის და რა რაოდენობით უნდა მიიღოს საკვები. ბავშვები არ არიან გამონაკლისები, თუ მოშივდათ, მოითხოვენ თვითონ. მშობლის მოვალეობაა, უზრუნველყოს ბავშვი ჯანსაღი საკვებით.
ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე ტიპურ დამოკიდებულებას, რომლებიც ყალიბდება მშობლების ქვეცნობიერში და უღვიძებენ სურვილს, გამოკვებონ თავიანთი პატარა ნებისმიერი ხერხებით, თუნდაც იძულებით.
პირველი არის ბავშვისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორც არაგონივრული არსებისადმი. მშობელი ფიქრობს, რომ მან უკეთ იცის, რამდენი, რა სიხშირით და რა უნდა ჭამოს ბავშვმა.
მეორე არის მოსაზრება, რომ ბავშვი თუ კარგად არ ჭამს, ეს ნიშნავს, რომ არ ემორჩილება მშობლის მოთხოვნებს და საწინააღმდეგოს აკეთებს.
მესამე ვარიანტია, რომ ბავშვი არ ჭამს, რაც მის ავად ყოფნაზე მიუთითებს. გარკვეული ლოგიკა არის ამაში, რადგან, როცა ბავშვი ცუდად არის, მადა დაქვეითებულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ღირს პატარის ორგანიზმისთვის მოსმენა.“- აცხადებს ფსიქოლოგი.