ყველა პატიმარი საქართველოში არის თანასწორი და კანონით გაუთვალისწინებელ გამონაკლისს ვერავის სასარგებლოდ ვერ დავუშვებთ - რატი ბრეგაძე

ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და ვერცერთი პატიმრისთვის გამონაკლისი ვერ დაიშვება. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა სხვა პირი.

„ჩვენ გვეუბნებიან, მაგალითად, ამბობენ, ნომერ პირველი პატიმარი; რატომღაც დამკვიდრდა ასეთი ტერმინი. საიდან იწყება ნუმერაცია, ცოტა რთული სათქმელია, როდესაც პატიმართა რაოდენობა ბევრად მეტია. შესაბამისად, ნომერ პირველი ან ნომერ მეორე – ასე ვერ ვიტყვით. თუ ნუმერაცია უნდა განვსაზღვროთ, უნდა ვნახოთ მართლაც, რომელი არის. გააჩნია, რომელი ათვლის წერტილიდან დავიწყებთ. ყველა პატიმარი საქართველოში არის თანასწორი. ამ კონსტიტუციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ამ ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობა და კანონით გაუთვალისწინებელ გამონაკლისს ვერავის სასარგებლოდ ვერ დავუშვებთ. ის სარგებლობს იმავე უფლებებით, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა სხვა პირი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, უწყება ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ის ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, და ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად; როგორც, მაგალითად, ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, ის დაბრუნდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმოქმედებთ“,  – განაცხადა რატი ბრეგაძემ.