დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
იუსტიციის მინისტრმა იმ სამართლებრივ საფუძვლებზე ისაუბრა, რომელთა თანახმადაც გასაჯაროვდა კლინიკა „ვივამედში“ მყოფი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრები.
„კადრების გასაჯაროებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ჩვენ ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, რომლის „ზ“ ქვეპუნქტი გულისხმობს: „მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის შემთხვევაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მღელვარების გამოწვევა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“. სწორედ ამ მიზნის ასარიდებლად მოხდა კადრების გასაჯაროება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო თანაზომიერების პრინციპი.
„რადგან ზემოხსენებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევა გვჭირდებოდა, მივიღეთ შესაბამისი პროპორციული ზომები. იგივე სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში. ეს გახლავთ სამართლებრივი საფუძვლები და თუ ვინმეს ეს არ მოგწონთ, არსებობს შესაბამისი გზები, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შეგიძლიათ, მიმართოთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენებას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.