VIDEO: ,,ამ ქალს რა გამოასწორებს ისტორიაში, არ ვიცი, თან იყო და თან არ იყო ომბუდსმენი" - თეა წულუკიანი

წულუკიანი ლომჯარია

,,ნინო ლომჯარია არასდროს ყოფილა ჩემი სახალხო დამცველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ დარღვეულა ჩემი, როგორც ქალის უფლება, ოჯახური ცხოვრების დაცულობის, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება... მას არასდროს ხმა არ ამოუღია. ლომჯარია რომ ჩემი სახალხო დამცველი არ ყოფილა, ეს არ არის მისი ნაკლი", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახალხო დამცველი იყო.

,,კი იყო სახალხო დამცველი, მაგრამ სინამდვილეში არ ყოფილა. ის იყო მხოლოდ მერაბიშვილის, სააკაშვილის და კიდევ ორი-სამი ,,ნაციონალის" დამცველი.

როგორც მოსვლით გაგვახარა, ისე წასვლით უნდა გაგვახაროს მალე და ეს ძალიან კარგია. 

ამ ქალს რა გამოასწორებს ისტორიაში, არ ვიცი. გამოდის, რომ თან იყო და თან არ იყო, ამდენი წელი გვყავდა და თან არ გვყავდა, ამაზე დიდი უბედურება რა შეიძლება იყოს ომბუდსმენის ისტორიაში. მთავარი არის ის, რომ მასზე უკეთესი უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვაზე, სახალხო დამცველის წარმოდგენილი კანდიდატებიდან ვის დაუჭერდა მხარს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვისაც იცნობს, მათგან არც ერთს მხარს არ დაუჭერდა.

,,ვისაც ვიცნობ და საქმეში შეხება მქონია სახალხო დამცველად, არც ერთს არ დავუჭერდი მხარს, სხვებთან არ მქონია შეხება და იმედია, უცხოებში მაინც იქნება ჩემთვის ღირსეული კანდიდატი.

იმედი მაქვს, რომ მომავალი სახალხო დამცველი იქნება ყველას დამცველი და არ იქნება კომპლექსებით სავსე.  უნდა იყოს ყველასთვის, ყველას იმედი და არ უნდა იყოს კომპლექსების ბუკეტი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.