„მოსალოდნელია თოვლი... ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1795293887
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, თურქეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა კმაყოფილია ლიდერთა დიპლომატიის შედეგად განვითარებული სტრატეგიული პარტნიორობით.
ელჩი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, სააგენტო „ანადოლუს“ (AA) კორესპონდენტს ესაუბრა.
„მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრები გახშირდა. მან გაიხსენა, რომ სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
ასევე, მუსტაფა თურქერ არიმ აღნიშნა, რომ ანტალიაში, თურქეთის მასპინძლობით გამართული COP31-ის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის გაიმართა შეხვედრა. მისი თქმით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას და გამოითქვა კმაყოფილება ურთიერთობების განვითარების მიღწეული დონით.
ელჩმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება.
„ვხედავთ, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ლიდერთა დიპლომატიის მეშვეობით ვითარდება“,- აღნიშნა მუსტაფა თურქერ არიმ.
ელჩმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მზარდ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მიმართ კვლავ მაღალია.
„ორ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. გასულ კვირას საქართველოში თურქეთის ელექტროენერგიისა და ელექტრონიკის ექსპორტიორთა კავშირის დელეგაცია იმყოფებოდა.
წინა კვირას კი, თბილისში შეხვედრები გამართა სამსუნიდან ჩამოსულმა სავაჭრო დელეგაციამ. ჩვენი ბიზნესწრეების წარმომადგენლები, მონაწილეობენ საქართველოში გამართულ გამოფენებში. საქართველოში არსებული ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო თურქი ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ინვესტიციებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიზნით, მნიშვნელოვანია, თურქმა ბიზნესმენებმა ქართველ პარტნიორებთან ხშირი და აქტიური კონტაქტი შეინარჩუნონ. ამ მიმართულებით, საქართველოში თურქეთის საელჩო მზად არის, განახორციელოს ყველა საჭირო ინიციატივა და უზრუნველყოს სათანადო ხელშეწყობა, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარებისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების კუთხით“,- აღნიშნა თურქეთის ელჩმა.
„აფხაზეთის იზოლაციის დასრულების ინიციატივასთან“ დაკავშირებული ბოლო მოვლენები
„აფხაზეთის იზოლაციის დასრულების ინიციატივასთან“ დაკავშირებული ბოლო მოვლენებზე საუბრისას, არიმ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა შეაფასა და გაიხსენა, რომ 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
არიმ აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი, ახლო მეზობელი და ისტორიული მეგობარია.
„ჩვენი ქვეყანა ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე მუდმივად უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია უცვლელია. თურქეთი, რომელიც 1999 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებსაც მასპინძლობდა, ყოველთვის ემხრობოდა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას“,- ნათქვამია თურქეთის ელჩის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.