თბილისის 57-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე: იყო დამკვირვებელი, რომელიც იდგა რეგისტრატორების უკან და იღებდა პირადი ინფორმაციის შემცველი ქვითრების ფოტოსურათებს. მივუთითეთ, რომ არ შეიძლება გადაღება

ტაბუცაძე

თბილისის 57-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის მიერ ფოტოების გადაღებას ხმაური მოჰყვა. კერძოდ, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სცადა ამომრჩევლის ფოტოსურათის გადაღება, როდესაც ის პირადობის მოწმობის შემოწმებას ცდილობდა.

კომისიის თავმჯდომარემ, მანანა ტაბუცაძემ „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ წარმომადგენელს, შეახსენა, რომ კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება არჩევნების პროცესში ფოტო და ვიდეო გადაღება, მით უფრო ამომრჩევლისთვის. საპასუხოდ შენიშვნის ადრესატმა კომისიის თავმჯდომარის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა, საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„იყო დამკვირვებელი, რომელიც იდგა რეგისტრატორების უკან და იღებდა პირადი ინფორმაციის შემცველი ქვითრების ფოტოსურათებს. მივუთითეთ, რომ არ შეიძლება გადაღება და ვთხოვეთ, დატოვეთ ადგილი, ცოტა გვერდით გადადექით, რომ რეგისტრატორებს მიეცეთ ნორმალურად, მშვიდად მუშაობის საშუალება, მაგრამ ამას მოჰყვა აჟიოტაჟი - „მე ჩემი უფლება მაქვს, მე აქ უნდა ვიდგე“. ავუხსენით, რომ შესაძლოა, იქ დგომის უფლება აქვს, მაგრამ ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება არ აქვს. საბოლოო ჯამში, ის დაემორჩილა ჩემს გადაწყვეტილებას და დამშვიდდა სიტუაცია“, - განაცხადა ტაბუცაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.