პროკურატურა: ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიური ესპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე - სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.

აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივლისს შეეფარდა.