ესტონეთში, რუსეთთან საზღვარზე ახალი ბარიერები დაამონტაჟეს

ესტონეთი

ესტონეთში, რუსეთთან საზღვარზე ახალი ბარიერები დაამონტაჟეს. როგორც ესტონური მედია იუწყება, ნარვაში „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ესტონეთს რუსულ ივანგოროდთან აკავშირებს, მასიური მეტალის ჭიშკარი დაამონტაჟეს.

როგორც მედია იუწყება, ეს არის უსაფრთხოების სისტემის პირველი ელემენტი, რომელიც რუსეთიდან ესტონეთში არასანქცირებული შეღწევის პრევენციას მოემსახურება. ამჟამად ჭიშკარი ხიდის იმ ნაწილზეა დადგმული, რომელზეც ავტომობილები გადაადგილდებიან. შემდგომში ანალოგიური ბარიერების დამონტაჟება დაგეგმილია ხიდის საფეხმავლო ნაწილზეც.

„სასაზღვრო გამშვები პუნქტის ყველა შემოსასვლელში, სადაც გადაადგილდება ტრანსპორტი რუსეთის ფედერაციიდან, დამონტაჟდება ბარიერები, რომლებითაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეიზღუდება“, – განაცხადა ნარვას სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ხუთი წლის წინ რუსეთის მხრიდან მოძრავმა ავტომობილმა ბარიერი გაარღვია და ახალი კონსტრუქციები ასეთი შემთხვევების აღკვეთას ისახავს მიზნად. ასევე, დაეხმარება მესაზღვრეებს სიტუაციის გაკონტროლებაში მიგრანტების დიდი ნაკადის მართვისას.

აპრილში ესტონური მედია წერდა, რომ 2025 წლის შემოდგომაზე ესტონეთი შეუდგება რუსეთთან მთელი სასაზღვრო ზოლის გამაგრებას. მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნება ყველა წარსული კონფლიქტი. საფრთხის შემთხვევაში ინჟინრები აპირებენ, გამოიყენონ ნაღმები, ასევე არაა გამორიცხული საზღვრის პირას მდებარე ხიდებისა და მილსადენების აფეთქებაც.