გიგანტური, 829 კილომეტრის სიგრძის ელვა, რომელმაც აშშ-ის სულ მცირე სამი შტატი გადაკვეთა, ისტორიაში ყველაზე გრძელ ელვად დასახელდა

ელვა

გიგანტური, 829 კილომეტრის სიგრძის ელვა, რომელმაც სულ მცირე სამი შტატი გადაკვეთა, ისტორიაში ყველაზე გრძელ ელვად დასახელდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წლის "მეგა-მოლი" აღმოსავლეთ ტეხასიდან კანზას-სიტიმდე იყო გადაჭიმული. ამ მანძილის გასავლელად, მანქანით, სულ მცირე 8 საათი ან კომერციული თვითმფრინავით 90 წუთია საჭირო. შედარებისთვის, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, საშუალო ელვის სიგრძე, როგორც წესი, 16 კმ-ზე ნაკლებია.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ "მეგა-მოლი" ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ელვად დაასახელა. ეს მოხდა 2017 წლის 22 ოქტომბერს, ძლიერი შტორმის დროს, რომელმაც "დიდი ვაკეების" ნაწილი დააზიანა.

"მეგა-მოლი" გიგანტური ელვაა, რომელიც თავისი წარმოშობის წერტილიდან უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება", - განაცხადა რენდალ ჩერვენიმ, არიზონას შტატის უნივერსიტეტის გეოგრაფიული მეცნიერებების პროფესორმა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა, რომელმაც ახალი რეკორდი დაადასტურა.