"გუშინ, ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი დღე იყო..." - გარდაიცვალა ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე
1754219563
ახალი კვლევის მიხედვით, სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად არ ბერდება. ზოგ ორგანოს იმაზე სწრაფად ემატება ასაკი, ვიდრე სხვებს. მეცნიერებმა "დაბერების პროტეომული რუკა" შექმნეს. მისი მეშვეობით სხეულს ცალკეული ნაწილების მიხედვით განიხილავდნენ და არა, როგორც ერთ მთლიანობას.
მკვლევრებმა ორგანოების ცილოვანი მაჩვენებლები შეისწავლეს. ასევე დააკვირდნენ, როგორ იცვლებოდა მონაცემები წლების განმავლობაში. გამოიკვეთა, რომ დაბერების პროცესი ძირითადად 50 წლიდან აქტიურდება, როცა ცილოვანი დონეები საგრძნობლად იცვლება.
„ყველა ორგანოს შორის ყველაზე გამოკვეთილი და უწყვეტი ცვლილებები აორტაში შეინიშნებოდა", — წერენ ავტორები - „30 წლის ასაკში ცილების საერთო რაოდენობა უმეტეს ორგანოში დაბალი იყო, გარდა აორტის, ელენთისა და ადრენალინის ჯირკვლისა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ენდოკრინული ჰომეოსტაზის დარღვევები შეიძლება, დაბერების გამომწვევი მოვლენა იყოს".
როგორც ჩანს, როცა საქმე დაბერებას ეხება, აორტას ბევრად უფრო სწრაფად ემატება ასაკი, ვიდრე სხეულის სხვა რომელიმე ორგანოს. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, თუ როგორ ატყობინებს ის სხეულის დანარჩენ ნაწილებს, რომ ძველებურად ვეღარ მუშაობს.
„სისხლძარღვები მხოლოდ მილები არ არის. ისინი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ბერდება და "რადიოანძებად" იქცევა", — თქვა კვლევის ავტორმა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის პროფესორმა კუანგ-ხუეი ლიოუმ — "იქიდან ისინი ისეთ ცილებს უშვებს, როგორიცაა GAS6. ისინი სხვა ორგანოების დაბერებას აჩქარებს".
როგორც ჩანს, აორტა დაბერების ყველაზე ადრეული მაუწყებელია. ეს აღმოჩენა ჩვენს წარმოდგენას დაბერების შესახებ მთლიანად შეცვლის.
"ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ დაბერება მხოლოდ ცალკეული ორგანოების პრობლემა არ არის. ისინი ერთმანეთს სისხლში გადატანილი ნივთიერებების მეშვეობით ესაუბრება. იმ ორგანოების გამოვლენა, რომლებიც ყველაზე სწრაფად ბერდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესის დამჩქარებელი ცილების შემცირებით ასაკის მატებას შევანელებთ. ასე ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკიც დაბალი იქნება", — ამბობსმკვლევარი.