სტრასბურგის სასამართლო ქართველი აქტივისტების სარჩელზე განცხადებას ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლო

გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე დაჯდომა, პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის ისეთ დარღვევას წარმოადგენდა, რაც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს. ამასთან, უგულვებელყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ დემონსტრაციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორც დემოკრატიის პროცესის მონაწილეები, ვალდებულნი არიან პატივი სცენ და დაიცვან ეროვნული კანონმდებლობა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პოლიცია დიალოგს აწარმოებდა დემონსტრაციის მონაწილეებთან. პოლიციამ არაერთხელ გააფრთხილა და მოუწოდა შეკრების მონაწილეებს დაეცვათ კანონმდებლობა. სასამართლოს შეფასებით, დემონსტრანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე თავიანთი პოზიცია (მათ შორის, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება) მინიმუმ დღენახევრის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ.