რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სტიპენდია დაუნიშნა

რუსთავი

რუსთავის მერია, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას გადაუხდის.

გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ პედაგოგებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი შეხვდნენ. 

„რუსთავის მე-5 და მე-2 სკოლების მოსწავლეებმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი მოიგეს მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში. ვულოცავ მათ ამ წარმატებას და მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთაც ღირსეული გამარჯვებისთვის შრომა და ბრძოლა ასწავლეს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდებათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს ჩემპიონი რუსთავის მე-5 და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები მერიის სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიიღებენ. ფულადი ჯილდო გადაეცემათ წარმატებული მოზარდების სპორტის მასწავლებლებსაც.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, მე-2 სკოლის გუნდმა კი კალათბურთში მოიგო. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება.