როდესაც თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი. ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე. ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება - ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

როდესაც საჯაროდ გამოდიან ეს აგრესიული ანარქისტები და თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი. ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე. ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იგი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდეს.

„დაუსჯელობის სინდრომი არის საშინელება. ეს პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფოს ძლიერებას, სუვერენიტეტს, ყველაფერს! როგორც შეიძლება, რომ პოლიციელს ქვებს უშენენ ეს რადიკალი ანარქისტები და გაუგებარი არარაობები. ქვებს უშენენ, პროვოკაციაზე მიდიან, წვავენ პოლიციის მანქანებს, თავს ესხმიან სახელმწიფო უწყებებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამის გამო რა ხდება ამერიკაში, ევროპაში? ყველგან, ყველა ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში სახელმწიფო უწყებებისგან არის ძალიან მკაფიო, ძლიერი პასუხი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, იგი გმობს ყოველნაირ ძალადობას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული.

„მანამდე ვიხილეთ დეპუტატების, პოლიტიკოსებისა თუ სხვა აქტორების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. არ შეიძლება! ძალადობა უნდა დავასრულოთ. როდესაც ხალხი ხედავს ამ ფაშისტების აქტიურობას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვიხსენიებ ფაშისტებად - ეს სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი, მათი ქმედებები, რომელიც წარსულში აქვთ ჩადენილი, ეს აგრესია ხალხში მატულობს, ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ.

როდესაც საჯაროდ გამოდიან ეს აგრესიული ანარქისტები და თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი. ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე. ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება. სწორედ ეს დაუსჯელობა წარმოშობს სხვა ტიპის ძალადობას“, - დასძინა ღარიბაშვილმა.