პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

პოლონეთში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 29 მილიონ ამომრჩეველს აქვს. პოლონეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 13 დარეგისტრირებული კანდიდატიდან მოუწევთ.

გამოკითხვების მიხედვით, მოქალაქეების მხრიდან მეტი მხარდაჭერა აქვს მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის, ასევე კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, ტშასკოვსკი ხმების დაახლოებით 30%-ს აგროვებს, ხოლო ნავროცკი – დაახლოებით 25%-ს. გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს ანტიუკრაინული პარტია „კონფედერაციის“ კანდიდატი, სლავომირ მენცენი. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს გაიმართება.

როგორც პოლონური მედია წერს, არჩევნების წინ პოლონეთის მმართველი პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობას აწყდება.