აშშ-ში გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა - არის მსხვერპლი

გემი ხიდს შეეჯახა

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი აშშ-ში ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

ნიუ იორკის მერის განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაშავდა. ერიკ ადამსის თქმით, გემზე 277 ადამიანი იმყოფებოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ წყალში არავინ ჩავარდნილა. ნიუ იორკის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრუკლინის ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია.

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ინციდენტი გამოძიების პროცესშია. ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ შეჯახება სავარაუდოდ, „მექანიკურმა პრობლემებმა“ და ენერგიის გათიშვამ გამოიწვია. მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, გემის სიგრძე 297 ფუტია, ხოლო სიგანე – 40 ფუტი. ის პირველად ზღვაში 1982 წელს გავიდა. ყოველ წელს, სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში სწავლის დასრულების შემდეგ, გემი გადის ზღვაში კადეტების წვრთნის დასასრულებლად. წელს ის მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა, 277 ადამიანით ბორტზე. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია უნდა ყოფილიყო.