კონკრეტული „ენჯეო“ თავად ქმნის დისკომფორტს, შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, კონკრეტული „ენჯეო“ - „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აქციების ორგანიზატორია და თავად ქმნის დისკომფორტს, თუმცა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შემდეგ ტელევიზიებში საუბრობს, რომ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. სწორედ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა BBC-ს ეთერში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ეკონომიკის მიმართულებით ნეგატიურ მოლოდინებზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ორგანიზაცია თავად იწვევს მღელვარებას, შემდეგ კი ხელისუფლებას სდებს ბრალს.

„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ეს კონკრეტული „ენჯეო“ თავადაა აქციების ორგანიზატორი, იმ აქციების, რომლებზეც ხდება ქუჩის გადაკეტვა, მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დისკომფორტის შექმნა. თავად ქმნის დისკომფორტს, შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. თავად შექმნა პრობლემა და თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. შემდეგ თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები, დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ქართველ ხალხს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში. ეს ორგანიზაცია თავად იწვევს მღელვარებებს და პრობლემებს, შემდეგ მიდის და წუწუნებს, შემდეგ მოდის და ხელისუფლებას სდებს ბრალს.