KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

ლექცია თემაზე – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘ KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა წაიკითხა.

სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე რამაზ ბოჭორიშვილმა მათემატიკის ფუნდამენტურ კონცეფციებზე – წრფესა და მანძილზე გაამახვილა ყურადღება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანქანურ სწავლებაში და ინტენსიურად გამოიყენება KIU-ს სასწავლო კომპონენტში ინტეგრირებულ სტუდენტურ პროექტებში. პროფესორმა ახალგაზრდებს ილუსტრაციის სახით აღნიშნული პროექტები გააცნო და, ამასთან, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა KIU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე „მათემატიკა და გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.

შემეცნებით საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

„KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.