"ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რომ რაიმე პრობლემა იყო არჩევნებზე, ეს არჩევნების შედეგები არა მგონია ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

 ალექსანდრე რაქვიაშვილი

ცესკო-ში არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი გაკეთდა "გირჩში" - პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მონაცემებში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა თავისი პარტიის შედეგით იმედგაცრუებულები არიან.

"ბუნებრივია, რომ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ ჩვენთან ბრძოლაში, პოსტებს წერდნენ და აფინანსებდნენ, რომ "გირჩისთვის" არ მიეცათ ხმა, როცა ეს სიტუაცია გვქონდა და თუ იმაზე ნერვიულობ, რომ ვიღაცას 5%-ის ნაცვლად 4% ჰქონდეს, ეს არის მთავარი მიზეზი, მერე რა თქმა უნდა მთავარი შენი ოპონენტი 50%-ს გადაცდება. მემგონი ეს რაღაც განაჩენია, მათ შორის ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის.

ჯერჯერობით არაფერი ეტყობა იმას, რომ რაიმე პრობლემა იყო არჩევნებზე, ფაქტობრივად მშვიდად ჩატარდა, აქტივობა მაღალი იყო, თუ რამე ისეთი არ ამოვარდა ამ საათებში, ეჭვი მეპარება რამე ამოვარდეს, არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს არჩევნების შედეგები არა მგონია ვინმემ ეჭვ ქვეშ დააყენოს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.