ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია არჩევნებისთვის არ ემზადებოდა. ისინი ემზადებოდნენ ყურით მოთრეული რაღაც სარჩელებისთვის. ახლა ცდილობენ თუ გაუვათ, ამ მიმართულებას მიაწვნენ

პოლტიკა

ოპოზიცია არჩევნებისთვის არ ემზადებოდა. ისინი ემზადებოდნენ ყურით მოთრეული რაღაც სარჩელებისთვის. ახლა ცდილობენ თუ გაუვათ, ამ მიმართულებას მიაწვნენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, არჩევნებზე დადასტურდა, რომ ყველაფერმა წესების დაცვით ჩაიარა.

„რადიკალები არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის და ამას ჩვენ იქამდეც ვამბობდით. არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ რეგიონებში, არც იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მე ვიყავი ჩართული, სამეგრელოში. შეიკრიბებოდნენ ხოლმე ეზოში და თავიანთ აქტივისტებს ესაუბრებოდნენ. ძირითადი აქცენტი ჰქონდათ საზღვარგარეთზე, სადაც დარბოდნენ, რომ რაღაც დაკვეთები, პატრონებისგან ახალი მესიჯები ჩამოეტანათ და გაეხმოვანებინათ. ასე რომ აპრიორი ვიცოდით, ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებოდნენ. ემზადებოდნენ ასეთი ყურით მოთრეული რაღაც სარჩელებისთვის.

ახლა რა მოიგონეს, თურმე ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცედურა იყო დარღვეულიო. ჯერ ერთი ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა დაამონტაჟეს აპარატები. გახსოვთ, რომ იქამდე ოპოზიცია ამბობდა ელექტრონული არჩევნები იყოსო. კი ბატონო, გავაკეთეთ. შემდეგ დამონტაჟებულ აპარატზე აუდიტი ამერიკულმა კომპანიამ განახორციელა და თქვა, რომ ყველაფერი ნორმაში იყო. ამის შემდეგ, ხმის მიცემის პროცედურაზეც, ეუთო/ოდირმა დაადგინა, რომ მშვიდობიან გარემოში წარიმართა და არჩევნები შედგა. ახლა მოიგონეს, თურმე ეტყობოდა ვის აძლევდი ხმასო, ამ თვითონ გამოჟონილებმა, სხვა რა უნდა უწოდო. მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა, სადაც ქალბატონი სანდუ რომ დგას პირდაპირ ჩანს ვის მისცეს ხმა. პოლონეთში ვნახეთ პირდაპირ ხელში უჭირავს ქალბატონს და აჩვენებს ვინ შემოხაზა. ლიეტუვის არჩევნების დროს ჟურნალისტებთან ერთად ავსებდნენ. იქ თუ დემოკრატიულად ჩატარდა, საქართველოში, სადაც ჯერ კაციშვილი ვერ ადგენდა ვის მისცა ხმა გამოჟონვის შემდეგ, კონვერტში იდებოდა, მერე პროცედურა იმ რეგლამენტის მიხედვით კეთდებოდა, რაც ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს. რაღა აქ გახდა, საქართველოში დემოკრატიასთან შეუსაბამო?! არა მეგობრებო, ეს არის მცდელობა, თუ გაუვათ აბა, რომ ამ მიმართულებას მიაწვნენ. დამთავრებულია ამათი ამბავი, იმიტომაც დაასეირნებენ ამ ხალხს ზემოთ-ქვემოთ“,- აღნიშნა ზარქუამ.