ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, დაემკვიდრებინა პრაქტიკა, რომ პრეზიდენტი არსებითად, პოლიტიკურად ჩარეულიყო ელჩების დანიშვნაში

კობახიძე

პრეზიდენტი როცა ამბობს, რომ 37 ელჩის კანდიდატურა გაეგზავნა და 36-ს ხელი მოაწერა, არის მარტივი მანიპულაცია, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, სხვადასხვა პრემიერის დროს, ზურაბიშვილი ცდილობდა, დაემკვიდრებინა ასეთი პრაქტიკა, რომ პრეზიდენტი არსებითად, პოლიტიკურად უნდა ჩარეულიყო ელჩების დანიშვნაში, რისი უფლებაც მას კონსტიტუციით არ აქვს მინიჭებული და სწორედ ამას უკავშირდები სარჩელი, რომელიც მთავრობისგან არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ახლა, რეალურად რაში იყო საქმე; ის კი არ იყო, რომ 37 წარუდგინეს და 36-ს მოაწერა ხელი, ის მუდმივად აბრკოლებდა გარკვეული თანამდებობის პირების დანიშვნას და მუდმივად იყო, არ ვიცი, ვაჭრობა დავარქვათ ამას, თუ როგორც არის. მას მუდმივად ჰყავდა თავისი კანდიდატები და როცა საუბარია მთავრობის მიერ კანდიდატებზე, რეალურად, არაერთ შემთხვევაში მის მიერ იყო შეთავაზებული მთავრობისთვის, რაც არის კონსტიტუციური სტანდარტის ძალიან უხეში დარღვევა. სინამდვილეში, აი, ამაში იყო საქმე. წინასწარი ერთგვარი ვაჭრობა, თუ გარიგებები მიდიოდა და მთავრობა იძულებული იყო, ამაზე წასულიყო. რადგან ანგარიშს უწევდა რაღაცებს. მათ შორის, უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ესეც არ უნდოდა, გარეთ გამოეტანა. ამისთვის ვერც ერთ პრემიერს ვერ გაამტყუნებ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, მიდგომა განსხვავებული უნდა ყოფილიყო, რადგან როდესაც მთავრობა ექსკლუზიური კომპეტენციით და პოლიტიკური ძალაუფლებით არის აღჭურვილი, რომ ელჩები დანიშნოს, მან ეს ძალაუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს.