ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რითაც ვიღაცები რევოლუციური მუხტის გაჩენას ცდილობდნენ - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

„ეს მასალები, რაც ახლა გამოქვეყნდა, ზუსტად ანალოგიური მასალები გამოქვეყნდა ერთი თუ ორი წლის წინ. სრული აბსურდი, ასეთ დოკუმენტებს შევქმნით ხვალვე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეიძლება დავატრიალოთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ არჩევნები ტარდება სათანადოდ და სწორედ იმიტომ, რომ არჩევნები სათანადოდ ტარდება, ვერ ახერხებენ ვერავითარი მტკიცებულების წარმოდგენას გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის რეალობა და დანარჩენი სპეკულაციებია“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ - ის ეთერში.

„ISFED-ს აქვს თავისი ცოდვები და ამ ცოდვების გამო ცდილობს რაღაცა ხავსს მოეჭიდოს. ISFED-მა პირდაპირ გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები. ჩვენ ამაზე ინფორმაცია გვქონდა. ჩვენი დათვლით გამოვიტანეთ ეს ლოგიკური დასკვნა. შეხვედრა შედგა 3 კვირის თავზე და როდესაც ვნახეთ, რომ უმარტივეს კითხვებს პასუხს ვერ სცემდა ISFED-ის ხელმძღვანელი და არც აღიარებდა ამ მანიპულაციას, იქ ყველაფერში დავრწმუნდით. მერე გავარკვიეთ, რომ ამ მანიპულაციის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ხმის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რითაც ცდილობდნენ ვიღაცები, რომ რევოლუციური მუხტი გაეჩინათ და კინაღამ შეძლეს ეს. საბოლო ჯამში ესეც ჩაუვარდათ.

2020 წელს არჩევნები რომ გაყალბებული ყოფილიყო, ჩვენ გაგვიჭირდებოდა იმ პროცესებიდან გამოსვლა. სწორედ იმიტომ გამოვედით ბოლომდე პირნათელი, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული და გაყალბებული იყო სწორედ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები. ამიტომ არ აქვთ ამ ორგანიზაციებს რეპუტაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თვითონვე ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, სადაც „„ენჯეოები“ გავიდნენ ბოლო ადგილზე ნდობის თვალსაზრისით. იმიტომ არ აქვთ ნდობა, რომ აყალბებენ პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, რაღაც დოკუმენტებს, მერე გაყალბებულ დოკუმენტებს ატრიალებენ და ა.შ. ასე ვერც ვერასდროს შეიქმნიან რეპუტაციას. მერე გამოდიან და ხელისუფლების გადატრიალებას ითხოვენ. გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიები არიან, მაგრამ ასე გაშიშვლებაც არ იყო მიზანშეწონილი მათი მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.