პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნატოს მთავარი პასუხისმგებლობაა, არ იყოს რაიმე გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებენ უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო მეტად სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ცხელი ომი მიდის ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლის მსგავსი ევროპაში არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიტუაცია შეიძლება, უფრო გართულდეს, რადგან თუ ეს გადაიზრდება რუსეთის და ნატოს სრულმასშტაბიან ომში, ვნახავთ ტანჯვას, ზარალს და სიკვდილს იმაზე დიდი მასშტაბით, რასაც ვხედავთ დღეს უკრაინაში.
ამიტომ ნატოს აქვს ორი ამოცანა: ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. ნატო და ნატოს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. ასევე, გვაქვს მთავარი პასუხისმგებლობა, რომ მოვახდინოთ ესკალაციის პრევენცია უკრაინის გარეთ. სწორედ ამიტომ, ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი. სწორედ ამიტომ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი არასწორი გათვლა და გაუგებრობა მოსკოვში, ჩვენს მზადყოფნაზე, რომ დავიცავთ ალიანსის ყველა სანტიმეტრს.
ნატოს მთავარი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, არ იყოს რაიმე სახის გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, რომ თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავს რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებენ უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს. ეს არის მთავარი გზავნილი და ეს არის მიზეზი, რატომ ვახდენთ თავდასხმის პრევენციას და ვინარჩუნებთ მშვიდობას ნატო-ს ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.