პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შევთანხმდით, გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხეს განიცდიან, მათ შორის ბოსნია-ჰერცოგივინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დავასრულეთ შეხვედრა ნატო-ს ზოგიერთ უახლოეს პარტნიორებთან, ევროკავშირთან, საქართველოსთან, ფინეთთან, შვედეთთან და პირველად, ნატო-ს სამიტზე, ჩვენს ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან, ავსტრალიასთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან და კორეის რესპუბლიკასთან. ჩვენ შევთანხმდით, გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხეს განიცდიან, მათ შორის ბოსნია-ჰერცოგივინასთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და მათი გამძლეობის განმტკიცებაში“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჩვენ განვიხილეთ, მივმართეთ და ვკითხეთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული, პოლიტიკური პარტნიორობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის. ჩვენ გავააქტიურებთ როგორც პრაქტიკულ, ისევე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის ახალი პაკეტით, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და მათი სიმტკიცის გაძლიერებაში. მათ შორის, ნატო-ს კიბერწვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფას. შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა ელემენტები, როგორიცაა თბილისში წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სხვა ელემენტები, რომელსაც შეუძლია საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება.
ჩვენ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვრჩებით, თუმცა რაიმე თარიღებს ვერ დავასახელებთ. ჩვენ ვრჩებით წევრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ათწლეულები ცდილობდა.
„მეტიც, ამჟამინდელ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2010 წელს შეთანხმდა ნათქვამია, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. თუმცა რუსეთი პირიქით მოიქცა – რუსეთის ქცევის მოდელი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება 2008 წელს, შემდეგ ყირიმის ანექსია 2014 წელს და აღმოსავლეთ დონბასში ძალის გამოყენება 2014 წლიდან მოყოლებული. ომი არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში, ომი უკრაინაში 2014 წელს დაიწყო. წელს ომის ესკალაცია მოხდა, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.