გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

პარლამენტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ახალი ფართობი და საზღვრები, მათ შორის, ტბათანის ტერიტორიის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის გაფართოებული ტერიტორიის საზღვრებში დაშვებულ საქმიანობად დადგინდეს აღდგენითი ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, კანონპროექტით, სოფელ ტბათანის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება დაცული ტერიტორია, რომელიც ერთგვარ დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს ბაწარას ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც ბუნების დაცვის კონტექსტში ეკოდერეფნის ფუნქციას ასრულებს.

მომხსენებლის თქმით, ასეთი დერეფნების არსებობა და დაცულ ტერიტორიებს შორის დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების ეფექტურად დაცვის მიზნით. შესაბამისად, გაფართოვდება თუშეთის დაცული ლანდშაფტი, რაც ჯამში შეადგენს 2 200 ჰექტარ ფართობს და სამართავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განმარტებით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აღარ იარსებებს სალიცენზიო მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება, ვინაიდან იგი ელექტრონულად ხორციელდება.

ამასთან, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესი დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.