ესაა გულწრფელი განცხადება ბატონი გეგელიას მხრიდან - აგენტურული, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წევრს სჯერა, რომ საქართველოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი არ შესწევს - ლევან მაჭავარიანი ,,ლელოს” ინიციატივაზე

ლევან მაჭავარიანი

,,ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ეხმიანება "ლელოს" ახალ ინიციატივას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამ კონკრეტული ოპოზიციური ფლანგის წინადადებას ქვეყნის საზიანოდ და ანტიეროვნულად მიიჩნევენ.

"ქართული ოცნების" კრიტიკა ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის იმ იდეას მოჰყვა, რომელიც ანაკლიის პორტის სამართავად საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი, "კავკასიური კონსორციუმის" შექმნას და ობიექტის უცხოური კომპანიისთვის გადაცემას გულისხმობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გრიგოლ გეგელიას განცხადება გულწრფელი აღიარება იყო, ვინაიდან მათ არ სჯერათ, რომ საქართველოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია.

"ეს არის გულწრფელი განცხადება ბატონი გეგელიას მხრიდან, ის ასე თვლის, მას ასე სჯერა, ისევე, როგორც მთლიანად ამ აგენტურული, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" თითოეულ წევრს. მათ სჯერათ იმის, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტები თავად მართოს და საკუთარი დღის წესრიგი თავად ჩამოაყალიბოს. მათ სჯერათ იმის, რომ აუცილებელია, მითითებები მოდიოდეს უცხოეთიდან, აუცილებელია, რომ ის დავალებები შეასრულონ, რაც მოდის კონკრეტული საელჩოებიდან, აუცილებელია, რომ პირველ რიგში გაატარონ ბრიუსელის და სხვების ინტერესები და მერე იფიქრონ უკვე საქართველოზე. საერთოდ რა მორალური უფლება გააჩნიათ კონკრეტულად "ლელოს" წარმომადგენლებს, როდესაც ანაკლიაზე საუბრობენ? რამდენჯერ გადაუვადა მთავრობამ ვალდებულებები ბატონ ხაზარაძეს? საბოლოო ჯმაში, მაინც ვერ მოიზიდა ინვესტორები და უჩივლა მან საქართველოს და იმგვარად უჩივლა, რომ ორი საარბიტრაჟო სასამართლო წააგო", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.