ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 131-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების დასჯა.

„კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ „გამოძევებული“ აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.

ასევე, განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუს-ის ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 14 მაისს ჩაინიშნა.