ასტროლოგები აპრილის ფავორიტ 5 ზოდიაქოს ნიშანს ასახელებენ
1774986608
ბაქტერიების ბუდე ჩვენს საძინებელში: დერმატოლოგი ლიკა ბარელაძე ბალიშისპირების ჰიგიენასა და კანის ინფექციებზე
“ბუმბული, სინთეტიკა თუ აბრეშუმი?“ - რა უნდა ვიცოდეთ ბალიშის სწორად შერჩევისა და რეცხვის წესებზე
მსოფლიო დერმატოლოგიური კვლევების თანახმად, საშუალო სტატისტიკური ბალიში გამოყენებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში თავისი წონის 1/3-ს მხოლოდ მკვდარი უჯრედების, ბაქტერიებისა და მტვრის ტკიპების ხარჯზე იმატებს. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის (AAD) მონაცემებით, აკნესთან ბრძოლისას პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სასურველ შედეგს ვერ აღწევს სწორედ საძინებლის ჰიგიენის უგულებელყოფის გამო.
ამ საკითხზე დეტალურად დერმატოლოგი ლიკა ბარელაძე გვესაუბრება, რომელიც განმარტავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს საძინებელში ძილის დროს
– ქალბატონო ლიკა, რა ტიპის ბაქტერიები სახლდებიან ჩვენს ბალიშებზე და რა უწყობს ხელს მათ გამრავლებას?
– ბალიშზე რამდენიმე ტიპის მიკროორგანიზმი ბინადრობს:
სტაფილოკოკი;
E. coli;
გრამუარყოფითი ჩხირები: ხშირად გვხვდება და ასოცირდება ინფექციებთან;
Propionibacterium acnes;
სოკოები და ობი.
ბაქტერიების ზრდის მიზეზებია ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სითხეები: ნერწყვი, ოფლი და თმისა და კანის ცხიმი, რაც შესანიშნავი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად. ასევე, სითბო და ტენიანობა: მძინარე ადამიანის თბილი, ნოტიო გარემო ხელს უწყობს სწრაფ ზრდას.
– რამდენად დიდია კავშირი ბალიშისპირის ჰიგიენასა და კანის ისეთ პრობლემებს შორის, როგორიცაა აკნე?
– კავშირი რა თქმა უნდა არის, დაბინძურებული ბალიშისპირი არის ბაქტერიების ზრდის შესანიშნავი გარემო და რა თქმა უნდა ყოველი შეხების შემდეგ, ჩვენს სახეზე იზრდება ბაქტერიების რაოდენობა, ამიტომ ჰიგიენა არის აუცილებელი პირობა, განსაკუთრებით აკნეს, ატოპიური დერმატიტის და მგრძნობიარე კანის დროს.
სახეზე ფორების დახშობა შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სახეზე ღამით ვიტოვებთ კოსმეტიკას. ამ დროს გარდა კოსმეტიკისა ბალიშის ზედაპირზე რჩება მკვდარი უჯრედები და კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ოფლი და ცხიმი, რაც ძილის დროს გადადის კანზე, ხდება მათი გამრავლება და ანთების ახალი კერების გაჩენა.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა ბალიშის მასალას? ბაზარზე ბევრი არჩევანია – ბუმბული, სინთეტიკა, აბრეშუმი...
– ბალიშის მასალას აქვს დიდი მნიშვნელობა: ბუნებრივი შემადგენლობის ბალიში (მაგ: ბუმბული) საყვარელი გარემოა ტკიპების გამრავლებისთვის. იდეალურია ჰიპოალერგიული სინთეტიკური მასალა, რომელიც ადვილად ირეცხება.
რაც შეეხება სხვა მასალებს:
Memory foam (ტექნოლოგია — ერგება თავისა და კისრის ფორმას, ხელს უწყობს ზეწოლის შემცირებას და უზრუნველყოფს კისრის სწორ პოზიციას ძილისას): რთულად გასარეცხია, რადგან სიღრმეში შეიძლება რომ მაინც მოხდეს ბაქტერიების დაგროვება.
აბრეშუმის ბალიში: ნაწილობრივ რეალობაა, რადგან რბილი ზედაპირის გამო, ნაკლებია კანის მექანიკური დაზიანება, ასევე ნაკლებად იწოვს ცხიმს და მგრძნობიარე კანის მქონე პირებმაც შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ იგივე პრობლემები დარჩება თუ არ ხდება მისი ხშირი გარეცხვა.
– რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ბალიშისპირი და როგორ გავრეცხოთ ის სწორად?
– აკნეს შემთხვევაში ბალიშისპირი უნდა შეიცვალოს კვირაში 2-3-ჯერ. თუ კანი ძალიან ცხიმიანია – ყოველ დღე. ყველა სხვა შემთხვევაში – 5-7 დღეში 1-ჯერ.
გარეცხვის წესები ასეთია: საჭიროა გაირეცხოს 60 გრადუსზე, უნდა გავაშროთ სრულად და თუ ორთქლის უთოს საშუალებით დავამუშავებთ, იდეალურია. დეზინფექცია საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ: მუნი).
– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ის ყველაზე ხშირი შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებენ?
– ყველაზე ხშირი შეცდომაა:
მაკიაჟის ნაწილობრივ ან სრულად დატოვება სახის კანზე;
სახის დაბანის გარეშე დაძინება;
ბალიშის პირის იშვიათი გარეცხვა;
დაბინძურებული ან თმის პროდუქტებით (ლაქი, გელი) დაძინება.
სანამ ფიქრობთ, რომ თქვენი ბალიში უსაფრთხოა, გადახედეთ ბოლო წლების საერთაშორისო კვლევებს, რომლებიც ხშირად ხდება BBC Health-ისა და CNN-ის განხილვის თემა:
ბალიში, როგორც „ბაქტერიების გავრცელების არეალი“: მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საშუალო სტატისტიკურ ბალიშზე, რომელიც 1.5-დან 20 წლამდე გამოიყენება, შესაძლოა ბინადრობდეს 16-მდე სხვადასხვა სახეობის სოკო. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია Aspergillus fumigatus, რომელიც პასუხისმგებელია კანის გაღიზიანებასა და ალერგიულ რეაქციებზე.
ბაქტერიების კონცენტრაცია: Amerisleep-ის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ კვირაში გაურეცხავ ბალიშისპირზე 17,000-ჯერ მეტი ბაქტერია გროვდება, ვიდრე უნიტაზის დასაჯდომზე. სწორედ ეს „ბაქტერიული კოქტეილი“ ხდება მიზეზი იმისა, რომ აკნეს მკურნალობა ხშირად უშედეგოა.
„მტვრის ტკიპების წვეულება“: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბალიშის წონის დაახლოებით 10% შესაძლოა შედგებოდეს მტვრის ტკიპებისა და მათი ცხოველქმედების ნარჩენებისგან. ეს მიკროორგანიზმები იკვებებიან კანის იმ მკვდარი უჯრედებით, რომლებსაც ჩვენ ძილის დროს ვტოვებთ. წყარო